მარნეულში COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო
მარნეულში COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტეტში, საინფორმაციო მასალები, ოჯახებში კარდაკარ პრინციპით რიგდება.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, მათთვის გასაგებ ენაზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.