თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი სამი ოჯახის სახლების მშენებლობისათვის მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი გოგნში, ქვედა სიმონეთსა და ჩხარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები დაათვალიერა, მშენებლებისაგან ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ოჯახის წევრებს ესაუბრა, მოისმინა მათი ყოფითი პრობლემები და მომავალშიც გვერდით დგომის პირობა მისცა, მათ შორის, პროფესიის გათვალისწინებით, დასაქმებას დაპირდა. თავის მხრივ, ახალი სახლების მეპატრონეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ლაშა გოგიაშვილსა და ხელისუფლებას მათი პრობლემების მოგვარებისათვის. „გასულ წელს ორი, მიმდინარე წელს კი სამი სახლი მუნიციპალიტეტში მოქმედი „სახლდაზიანების პროგრამის” ფარგლებში აშენდა. გოგნში უკვე დასრულდა, ხოლო ქვედა სიმონეთსა და ჩხარში უახლოეს მომავალში დასრულდება. ეს ოჯახები, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულებიც არიან, ცხოვრობდნენ ამორტიზებულ სახლებში, რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარებოდა,-” აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მოქმედი „სახლდაზიანების პროგრამისათვის” განკუთვნილი თანხა მომავალ წელს გაიზრდება და უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები