ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში: შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები; გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები;შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი;მოწესრიგდა გათბობის სისტემა; მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა; ასევე მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
„სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან ერთად ბორჯომის ახლად რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დაათვალიერა, რომელსაც 50 წელია სარემონტო საუშაოები არ ჩატარებია. ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს”,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში იფუნქციონირებს 7 წრე: ტიხრული მინანქრის, გრაფიკისა და ფერწერის, ხეზე კვეთის, ხელნაკეთი თოჯინებისა და გობელენის შემსწავლელი წრეები, ასევე ვოკალური სტუდია და საბავშვო თეატრი. შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
ცნობისთის, ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.