ქსკ “ლანჩხუთის” ფეხბურთელები დღევანდელ თამაშს სამშობლოსთვის დაღუპულ ლანჩხუთელ მეომრებს მიუძღვნიან
ქსკ “ლანჩხუთის” ფეხბურთელები თავიან ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც შვედეთის “როსენგარდთან” დღევანდელ მატჩზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თამაშს საქართველოსთვის დაღუპულ მეომრებს მიუძღვნიან.
“სხვა საქართველო იქ არის!
ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება დღევანდელი მატჩი, ჩვენ ხომ სხვა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს ვეთამაშებით. თუმცა, ერთი რამ ვიცით დანამდვილებით – ვიბრძოლებთ ბოლომდე ერთმანეთისთვის, ჩვენი კლუბისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ლანჩხუთისთვის და ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის!
დღეს რომ უფლება გვაქვს ვითამაშოთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ბრძოლის ველზე იდგნენ ქვეყნის დასაცავად და ხშირად თმობდნენ ღვთისაგან ბოძებულ ერთადერთ სიცოცხლეს. ამიტომ გვინდა ჩვენი მატჩი მივუძღვნათ საქართველოსთვის დაღუპულ ბიჭებს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ჩვენი სახელების ცოდნაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მათი სახელები (სია არასრულია, განახლდება):
გოჩა კვირკველია (1992, ბედია)
დათო რამიშვილი (1992, ოჩამჩირე, ქეთევანა)
ჯამბულათ ხოფერია (1993, ტყვარჩელი)
მერაბ კუპრეიშვილი (1993, ტამიში)
ზალიკო მდინარაძე (1993, ტამიში)
ნიკა იმნაძე (1993, ოჩამჩირე)
პაატა პაპიძე (1993, ოჩამჩირე)
ვაჟა თოდუა (1993, ოჩამჩირე)
რუსლან წულაძე (2008, შინდისი)
ემზარ წილოსანი (2008, შინდისი)
ვასილ სმირნოვი (2008, ცხინვალი)”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქსკ “ლანჩხუთი” დღეს პირველ მატჩს მართავს ჩემპიონთა ლიგაში. მათი მეტოქე შვედეთის “როსენგარდია”. მატჩი საქართველოს დროით 14:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.