“ენგურჰესი” სრული რეაბილიტაციის გამო მუშაობას დროებით წყვეტს

ენგურჰესის საიმედო და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, 2018-2021 წლებში რეაბილიტაციის მეოთხე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ ინფორმაცია, „ენგურჰესუს“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მათვე ინფორმაციით, ჰიდროელქტროსადგურის უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაციის მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს საინვესტიციო და კაპიტალური სამუშაოების გაგრძელება.
„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლის, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 1997 წელს ენგურჰესის ნაგებობების შესწავლა-ანალიზი დაიწყო. 1998-2001 წლებში შემუშავდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტი. ენგურჰესის ელექტროტექნიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2003-2014 წლებში განხორციელდა, 2006 წელს სადერივაციო გვირაბის ზოგიერთი მონაკვეთის რემონტი ჩატარდა. ჰიდროელქტროსადგურის უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაციის მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს საინვესტიციო და კაპიტალური სამუშაოების გაგრძელება.
აღნიშნული პროექტი შემდეგ სამუშაოებს მოიცავს:
სამუშაოებს ელექტროტექნიკურ და ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებზე ენგურჰესსა და ვარდნილჰესი 1-ში; სადერივაციო გვირაბის რემონტს, რაც ყველაზე დაზიანებული უბნების გადაუდებელ რეაბილიტაციას გულისხმობს; ასევე, ლამის ამოღებას ენგურჰესის წყალსაცავიდან (კაშხლის მიმდებარე ტერიტორია); და ჰიდროელექტროსადგურთან მისასვლელი გზების რემონტს. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია.
„სწორედ, სადერივაციო გვირაბის მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მაისის დასაწყისამდე გაგრძელდება.
სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზნად ისახავს:
გვირაბის სტრუქტურული მდგრადობის შენარჩუნებას; წყლის გაჟონვების შემცირებას (შესაბამისად, ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის დაკარგული წყლის რაოდენობაც შემცირდება); ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დაცვა გაჟონილი წყლების მიერ წარმოშობილი გრუნტის წყლებისგან, რაც ენგურის მიწისქვეშა სადგურს აწვება და მის ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ბოლო 3 წელიწადში სატურბინო წყალსატარების ლითონის მილების (მილის კედლის სისქეა 40მმ) დაზიანების შემთხვევები #1, #2 და #5 აგრეგატებზე გამოვლინდა. აღნიშნული ფაქტები ფილტრაციული წყლების მომატებითა და შესაბამისად, უკუწნევის გაზრდით არის განპირობებული. სარებილიტაციო სამუშაოების გადადება (გადავადება) კი ტექნიკურად დაკავშირებული იქნება რისკებთან, რომელთა შეფასებაც რთულია. თუ მოხდა ავარია, გვირაბი შეიძლება დასაცლელი გახდეს და დაზიანებული უბნის აღდგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდეს. ჯამურმა ზარალმა კი, შესაძლოა, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას 3-4-ჯერ და მეტჯერაც გადააჭარბოს. ამ ეტაპზე სადერივაციო გვირაბიდან დაახლოებით 250 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ეკვივალენტი წყალი იკარგება. რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნული გაჟონვები სრულად ვერ აღმოიფხვრება, თუმცა დაახლოებით 30%-35%-იანი მაჩვენებლით უნდა შემცირდეს, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს“, – ნათქვამია „ენგურჰესის“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, “ენგურჰესი” საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. კერძოდ, 2019 წელს ქვეყანაში სულ იწარმოა 11856.8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, სადაც „ენგურჰესის“ წილმა 28,1% შეადგინა, ანუ მთლიანად შარშან ჰესმა 3341.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესიდან“ მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი, ჰესის მიერ წარმოებული დენის დაახლოებით 40% ოკუპირებულ ტერიტორიას მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ “ენგურჰესის” გვირაბის რეაბილიტაცია სამჯერ გადაიდო. თავდაპირველად სამუშაოები – 2018 წელს, შემდეგ კი 2019 წელს, ბოლოს კი 2020 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სამჯერვე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები