თელაველმა ექიმმა ცენტრალური საავადმყოფოსთვის საწოლები შეიძინა
თელაველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოსთვის საწოლები შეიძინა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა. როგორც მრელაშვილის ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, ერთ-ერთ მაღაზიაში საკუთარი ხარჯებით, სააგარაკე ტიპის საწოლები შეიძინა და სტაციონარის შესაბამისად გადააკეთა.
” მაშინ როცა დანარჩენი საქართველო ატლანტიკის ოკეანეში ზურგქარს ელოდება რო “ნამდვილი” საავადმყოფოს საწოლებით დატვირთული გემი დროულად შემოვიდეს (გამქრალია დისტრიბუტორებთან, გზაშია), თელავში ხვალ პირველი პარტია დაიდგმება, და კვირის ბოლოსთვის ამ კონკრეტული საავადმყოფოს საწოლ ფონდის 33%-მდე გაზრდას შევძლებთ საჭიროებისამებრ (წინასწარ დარეკვებით არ ხდება ჩაწერა). მთავარი ექიმის და ადილობრივი “უფროსობის” მიერ მოწონებული და დამტკიცებულია. სხვა თუ არაფერი, ვინც “პროფილაქტიკისთვისაა” მისული და საავადმყოფოს კედლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს – იმათ მაინც გადავაწვენთ აქ, რომ, ვისაც ნამდვილი საწოლები სჭირდებათ “,- წერს დავით მრელაშვილი.
საწოლ ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით “რეგიონული კვირა” თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა. როგორც ზურაბ საჩიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საწოლები თერაპიულ განყოფილებაში განთავსდება და მომსახურებას ის პაცინტები მიიღებენ, რომლებსაც ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.
” რეალურად, გვაქვს ფართი, რომ თერაპიულ განყოფილებაში საწოლები დავამატოთ. საწოლებზე მოთავსდებიან პაციენტები, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულები არიან და ზოგადად, ექიმის მეთვალყურეობა ჭირდებათ. საწოლების ჟანგბადით აღჭურვას გარკვეული დრო დაჭირდება. რაც მთავარია, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მედპერსონალისთვის რამდენიმე ათეული პაციენტით მეტს, რომ მოემსახურონ”,- განაცხადა ზურაბ საჩიშვილმა.