5 კერძი რომელიც სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ
საქართველოს ყველა რეგიონს აქვს გამორჩეული და მისთვის დამახასიათებელი კერძები, რომელიც მსოფლიოშია განთქმული. არსებობს რამდენიმე კერძი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
პირველი კერძი, რასაც ადგილობრივები აუცილებლად შემოგთავაზებენ, თუთმაჯია. ლავაშივით გათხელებული ცომი წვრილ ზოლებად იჭრება, იხარშება მაწვნით ან დოთი შეზავებულ წყალში. სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას ადგილობრივები თუთმაჯის მომზადების წესსაც სიხარულით გაგაცნობენ.
იმისთვის, რომ ზემოთ აღნიშნული მესხური კერძი საკუთარი ხელით გააკეთოთ, დაგჭირდებათ:
1. პირველი ხარისხის ფქვილი -500 გ
2. წყალი – 200 მლ
3. ხახვი – 4-5 თავი
4. ნადუღი – 200 გ
5. ერბო – 100 გ
6. მარილი გემოვნებით
რაც შეეხება მომზადების წესს – წყლითა და ფქვილით მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი, მისი ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად დ დავჭრათ ანასთის ღერების ტოლ ნაჭრებად. დავყაროთ ფქვილი და ავურიოთ, რათა ცომი ერთმანეთს არ მიეწებოს. ოვალური ფორმის ცომის ნაჭრები დაბრაწეთ ერბოიან ტაფაზე გაოქროსფერებამდე. იმავე ერბოში მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
ცომის გრძელი ნაჭრები მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში (წყალი ცომზე ორჯერ მეტი უნდა იყოს). ნაჭრები რომ მოიხარშება, ქვაბში ჩაუშვით ცომის შემწვარი ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაამატეთ ნადუღი და ურიეთ, სანამ ნადუღი არ გადნება. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მესხური კერძი- თუთმაჯი აუცილებელია მიირთვათ ცხელ-ცხელი.
სამცხე-ჯავახეთის ის რეგიონია, სადაც სტუმრობის დროს, უამრავი აუცილებლად სანახავი ადგილის გარდა თქვენს გეგმაში აქაური სამზარეულოს დაგემოვნებაც უნდა შეიტანოთ.
აქ სტუმრობისას აუცილებლად შემოგთავაზებენ ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს, სახელად მესხური ქადა. მესხეთში ქადას თითქმის ყველა ოჯახში აცხობენ. ზოგს ის მარილიანი გულით უყვარს, ზოგს ტკბილით, ზოგსაც კი გულის გარეშე.
გასწავლით თუ როგორ მოამზადოთ მესხური ქადა:
ფქვილში ავურიოთ მარილი, დავასხათ ცივი წყალი და მოვცომოთ საშუალო სიმაგრის ცომი, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და გავაჩეროთ 20-25 წუთით ოთახის ტემპერატურაზე. გულსართისთვის განკუთვნილი ქონი გავადნოთ, დავუმატოთ ფქვილი და ოდნავ მოვხალოთ. მიღებულ ფხვიერ მასას შევურიოთ მარილი. ვისაც ტკბილი ქადა უყვარს, შეუძლია გემოვნებით შაქარიც დაუმატოს. ცომი ძალიან თხლად გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმით. დახელოვნებული მცხობელები ცომს ხელითაც წელავენ, უფრო რომ გაათხელონ, რადგან ის უნდა იყოს სიფრიფანა.
ცომის ფენაზე წავუსვათ ოთახის ტემპერატურის ღორის ქონი. უფრო ცივი თუ იქნება, წასმა გაგვიჭირდება. ცომი გადავახვიოთ რულეტივით, შემდეგ ლოკოკინასავით დავახვიოთ და ძირი მსუბუქად ჩავუტკეპნოთ ისე, რომ ძირი არ გაიხსნას და გულში გულსართის ჩადება შეიძლბოდეს.
ცომში მოვათავსოთ გულსართი, ფრთხილად შევკრათ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.
მესამე კერძი, რომელიც მესხეთში სტუმრობისას უნდა დააგემოვნოთ ესაა, აპოხტის ხინკალი. აპოხტი ჯავახურად გამხმარ, გამომშრალ ხორცს ნიშნავს. მართალია აპოხტის ხინკალს უფრო ხშირად ზამთრობით ამზადებენ, თუმცა ბევრ ოჯახში ხინკლისთვის გამომშრალ ხორცს ამ დრომდეც ინახავენ.
აპოხტის ხინკალი მზადდება შემდეგნაირად:
წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), ცომს ვყოფთ მომცრო გუნდებად, ვშლით ჩვეულებრივად ხინკლის ცომის სისქეზე და დანით ვჭრით ოთხკუთხედ ნაჭრებად, ისეთ ზომებად რომ პატარა, დაახლოებით პილმენების ხელა ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ, ისე რომ ღია დარჩეს პატარა ,,პირი”. მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან ერბოში მომწვარი ხახვი. (ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი პილპილი და კარგი არაყი).
რაც შეეხება შიგთავსს, აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი, რომელსაც მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ზამთარში. აპოხტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (დაახლოებით ქიშმიშის ზომებად), მოვაყაროთ დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.
რიგით მეოთხე კერძი, რომელიც მესხეთის სამზარეულოს წარმოადგენს, მაკარლამაა. რეგიონში თითქმის ყოველდღიურად ამზადებენ მაკარლამასაც. მოხარშული ცომის ნაჭრები ზემოდან მოყრილი ნიგვზით, ყველითა და მოხრაკული ხახვით, სამცხე-ჯავახეთში ძალიან პოპულარულია.
იმისათვის, რომ ოჯახში მაკარლამა გააკეთოთ, აუცილებელია მოცომოთ მაგარი ცომი და დაყოთ გუნდებად. ადვილად რომ გაიშალოს გუნდა, 20 წუთი გავაჩეროთ, შემდეგ გავშალოთ თხლად და დავჭრათ ზოლებად, დაჭრილ ფენებს დავაყაროთ ფქვილი და ერთმანეთზე დავაწყოთ, მიღებული მასა ისევ წვრილ ზოლებად დავჭრათ და დავამრგვალოთ. დაჭრილი ცომი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში. მოხარშულ ცომს კი ფენებად მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი და გახეხილი ყველი და ბოლოს ერბოში, ან ზეთში მოხრაკული ხახვი.
და ბოლოს, მე-5 კერძი, რომელიც მესხეთში სტუმრობისას უნდა დააგემოვნოთ ესაა ლუხუმი.
ლუხუმი ერბოში ან ზეთში გამომცხვარი და დაბრაწული პატარა მრგვალი ნამცხვარია, თუმცა უნივერსალურია. მას დესერტადაც მიირთმევენ, თაფლით, ნაღებით ან მურაბით, თუმცა ბევრს ყველთან ან სხვა მარილიან საჭმელთან ერთად ურჩევნია. ლუხუმს ბუშტულასაც ეძახიან, რადგან ცომის ბურთულა ცხელ ტაფაზე დადებისთანავე ბუშტივით იბერება.
ადგილობრივები გვასწავლიან, რომ ლუხუმის მომზადებისას აუცილებელ ინგრედიენტებს წარმოადგენს: რძე – 250 მლ, წყალი – 250 მლ, ფქვილი – 450 გრ, საფუარი – 10 გრ, მარილი – 30 გრ, კვერცხი – 1 ცალი და ზეთი – 500 გრ.
მესხები ლუხუმის მომზადების წესზეც გვესაუბრებიან. რძეს, წყალს, კვერცხს, მარილს და საფუარს ვათავსებთ თასში და ვთქვეფთ, შემდეგ ვამატებთ ფქვილს და მიღებულ მასას ვდებთ თბილ ადგილზე, ვიდრე არ გაღვივდება. სველი კოვზით ვიღებთ ცომის პატარა გუნდებს და ვათავსებთ ტაფაზე, რომელშიც ზეთი იმდენი უნდა ესხას, რომ ცომმა კარგად შეიწოვოს.
„რეგიონულ კვირამ“ გაგაცნოთ ის აუცილებლად გასასინჯი მესხური კერძები, რომლის გემო არ დაგავიწყდებათ და ადვილად იპოვით ნებისმიერ მესხურ რესტორანში.