„სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჩემი სიცოცხლე დავაყენე რისკის ქვეშ“,- ახალციხელი ექთანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ლატავრა ობოლაძე ახალციხის კლინიკა „იმედში“ მედდად 5 წელია მუშაობს. იმის შემდეგ, რაც აღნიშნული კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა, ექთანს საოპერაციო განყოფილება დაატოვებინეს და სომატური ცხელების განყოფილებაში გადაიყვანეს სამუშაოდ. ასე დაიწყო მისი ისტორია პანდემიასთნ დაკავშირებით.
როგორც 38 წლის ექთანი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, კორონავირუსი სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო. მისი თქმით, მედპერსონალს პანდემიამ დიდი დარტმა მიაყენა და ყველაფერმა მათ „კისერზე გადაიარა“.
„რამდენიმე თვეა, რაც ცხელების განყოფილებაში გადმომიყვანეს. საოპერაციოსთან შედარებით ეს საქმე უფრო რთული და შრომატევადი აღმოჩნდა. მოკლედ, ერთ დღესაც მორიგეობის დროს, სისუსტე ვიგრძენი. გავიზომე ტემპერატურა და დაბალი სიცხე მქონდა. იქედან გამომდინარე, რომ პირდაპირ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მქონდა შეხება და მათი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი, არ იყო გასაკვირი ჩემი დაინფიცირების საკითხი. ამიტომ, მეორე დღესვე ჩავიტარე ანალიზი და რამდენიმე დღე ველოდებოდი პასუხს“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ექთანმა.
პასუხის მოლოდინში მთელმა დღემ გაიარა. 9 ნოემბერს მედდის ნომერზე უცხო ზარი შემოვიდა. საუბარი ასე დაიწყეს „გამარჯობა. იცით თუ არა, რომ თქვენ კოვიდ დადებითი ხართ?“. ლატავრასთვის ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყო დიდი სტრესი და ნერვიულობა.
„როგორც კი ყურმილი დავკიდე, წამიერად გამიელვა ტვინში ყველაფერმა. ყველაფერზე ერთდროულად დავიწყე ფიქრი. იქედან გამომდინარე, რმ ყოველდღიურად ვხედავდი როგორ წვალობენ და იტანჯებიან კოვიდ ინფიცირებული პაციენტები, თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა, რომ აქ იყო ჩემი ცხოვრების ბოლო ეპიზოდი და 38 წლის ასაკში კორონავირუსი შემიწირავდა. თუმცა, საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყოველგვარი გართულებების გარეშე და სამსახურსაც უკვე დავუბრუნდი. კვლავ ვაგრძელებ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლას“,- ამბობს ლატავრა.
38 წლის მედდა „რეგიონულ კვირას“ იმ 14 დღის შესახებაც ესაუბრება, რომელიც სახლში გაატარა. როგორც თავად ამბობს, ამ დღეებმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ცხოვრების მთავარი მიზეზი და ის, თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.
„იქედან გამომდინარე, რომ კარგად ვიცი ეპიდ სიტუაცია და ვხედავ, როგორ ჭირს პაციენტების საავადმყოფოში მიღება ადგილების არ არსებობის გამო, გადავწყვიტე უარი მეთქვა ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებაზე და განვაცხადე, რომ მკურნალობას სახლის პირობებში გავაგრძელებდი. ასეც მოვიქეცი. ჩემი ოჯახის წევრებიც თვითიზოლაციაში დატოვეს და გამოვიდა, რომ ყველა ერთად ვამხნევებდით ერთმანეთს. თავიდან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღე, თუმცა ჩემმა ოჯახმა შემაძლებინა და გადამატანინა ეს ვერაგი ვირუსი. საფიქრელად ძალიან ბევრი დრო მქონდა, ვფიქრობდი მომავალზე, წარსულზე და აწმყოზე. ხომ გაგიგიათ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ ესეა კორონაც. ერთ-ერთი საკითხი რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ შემახსენა, არის ის, რომ ცხოვრებაში უპირველესია ჯანმრთელობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ფულით ვერ იყიდი. ყოველდღიურად ვხედავ როგორ იბრძვის გადარჩენისთვის ყველა ფენის წარმომადგენელი. პანდემიამ არ იცის ფულიანი და უფულო. აქ ყველა ერთიანდება“,- განაცხადა ექთანმა.
ლატავრა ობოლაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ამ წუთებში კორონავირუსს ებრძვის. იგი ამბობს, რომ მთავარია პანდემიის დროს შეინარჩუნონ სიმშვიდე და განწყობა.
„როგორი განწყობითაც შეხვდები ამ ვირუსს, ისე წავა შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ამიტომ, აუცილებელია დადებითად შევხედოთ ყველაფერს. მესმის, რომ ძალიან რთულია და ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ძალას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ასე, რომ ყველა ვინც ახლა კორონავირუსს ებრძვის, მინდა მათთვის ვიყო სტიმული, რადგან ისე მარტივად გაუმკლავდნენ პანდემიას, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა“,- ამბობს ლატავრა.
ახალციხელი ექთანი ცხოვრების ჩვეულ რუტინას რამდენიმე დღეა დაუბრუნდა. კვირაში რამდენჯერმე მიდის სამსახურში და პაციენტებთან ერთად აგრძელებს მათი სიცოცხლისთვის ბრძოლას. კიდევ როდემდე გაგრძელდება მსოფლიოში პანდემია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედდა ვაქცინის გამოგონებაზე დიდ იმედებს ამყარებს.