„როცა მტკიოდა, კალამი იყო ჩემი მკურნალი“- გაიცანით14 წლის მარიამ რიჟამაძე ახალციხიდან
დედისა და მამის სიყვარული, ქვეყნისა და სამშობლოს მონატრება, წარსულის, აწმყოსა და მომავლის შიში, ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რასაც 14 წლის მარიამ რიჟამაძის შემოქმედებაში შეხვდებით.
ყველაფერი 6 წლის ასაკში დაიწყო, როცა მას მამა გარდაეცვალა. რამდენიმე წელში კი დედამ ნათესავებთან დატოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. მარიამმა სწორედ ამ განცდებით დაიწყო ლექსების წერა.
„თავიდან მამა გარდამეცვალა, მერე დედამ დამტოვა და გავიზარდე მარტო. ყველაფერი ის, რაც ჩემს გულსა და ტვინში ხდებოდა, რჩებოდა ჩემში, რადგან არავის ვესაუბრებოდი ამ საკითხებზე. ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩემი ერთადერთი მეგობარი კალამი გამხდარიყო, რომელსაც ჩემს ტკივილებზე მოვუყვებოდი და ასეც მოხდა. ასე დავიწყე ლექსების წერა. თავიდან მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ ცუდად ვწერდი. მოგვიანებით, როცა ჩემი ნაშრომები ჩემს ახლობლებს და მასწავლებლებს წავაკითხე, ყველას მოწონება დაიმსახურა. ახლა აღარ მეშინია, თუმცა სხვისი აზრი ჩემს ნაწერებთან დაკავშირებით სულ მაინტერესებს“,- ამბობს მარიამი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას.
14 წლის მარიამი ლექსების წერის პროცესზე ამბობს, რომ წინასწარ არაფერი იცის ვისზე ან რაზე, სად და როდის დაწერს. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მისი შინაგანი სამყარო უკარნახებს.
„არასოდეს ვგეგმავ წინასწარ დავჯდე და დავწერო. უბრალოდ რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ჩემში ნეგატიური ან პოზიტიური აურა გროვდება, შიგნიდან რაღაცას ვგრძნობ, ძალას, რომელიც ხელში კალამს მაჭერინებს და ჩემი ფიქრები ფურცელზე გადადის. მთავარია დასაწერად მოვემზადო, დანარჩენს კალამი აკეთებს“,- ამბობს მარიამი.
მარიამ რიჟამაძე საკუთარ მომავალზეც საუბრობს. ამბობს, რომ წინ დიდი და რთული ცხოვრებისეული გზა უნდა გაიაროს, თუმცა ის ყველაფრისთვის მზადაა. „რეგიონულ კვირას“ იმასაც უყვება, რომ ახლო მომავალში მისი ნაშრომები დაიბეჭდება და წიგნსაც გამოსცემს.
უფრო მეტი საინტერესო დეტალები ნახეთ „რეგიონული კვირას“ მომზადებულ სიუჟეტში.