ბექა დოჭვირი – რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, რათა შემცირდეს პანდემიის გავრცელება
ქვეყნის ტერიტორიაზე დღევანდელი რეგულაციები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება.
„პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი არის მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. შესაბამისად, მსოფლიოში თუ გადავავლებთ თვალს, როგორ ებრძვიან პანდემიას, ყველგან ეს მეთოდებია გამოყენებული. რეგულაციების შემოღებამდე ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამ კონსულტაციებში ჩართულები იყვნენ ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორი, ასევე ეპიდემიოლოგები და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება. ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.