ქუთაისში კორონავირუსი ხანდაზმულმა პაციენტებმა დაამარცხეს
კლინიკა “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი ხანდაზმულმა პაციენტებმა დაამარცხეს. გამოჯანმრთელებულებს შორის არის 91 წლის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 22 ნოემბერს, სახლიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, გვერდების ტკივილი და გულ-მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა. პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადება ასაკოვანი ცოლ-ქმარი. წყალტუბოს მკვიდრი, 80 და 83 წლის პაციენტები კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შემოვიდნენ. გამოჯანმრთელებულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
კოვიდცენტრში ამ დროისთვის 90 წელს გადაშორებული 5 პაციენტი მკურნალობს. ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 125 პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 450-ს შეადგენს.