“ვისკის დაყენება რთულია, მაგრამ უფრო რთული ალეკოს გარეშე ყოფნაა” – პირველი ქართული ქვევრში დაყენებული ვისკი და სიყვარულით დაწყებული საქმის გაგრძელება

სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, შესანიშნავი ადგილი ოჯახური დასვენებისა და განტვირთვისათვის – ეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლება სოფელი ალექსეევკაა. ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის და სიახლოვის სურვილის გამო, წლების წინ ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით, სოფელში აგარაკი შეიძინა ერთმა თბილისურმა ოჯახმა. ეზოში შესულს აუცილებლად მიგიზიდავთ ოჯახის დიასახლისის – ნია ნაცვლიშვილის მიერ გაშენებული სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ვარდები, ულამაზესი ყვავილები და გემოვნებით მოწყობილი გარემო.

ალექსანდრე კვერნაძე, რომელმაც ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების დამზადების სურვილის რეალიზებას მხოლოდ უწყვეტი შრომის და სწავლების შედეგად მიაღწია. იგი პირველი ქართველი მეწარმეა, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში, საკუთარ მარანში ვისკის მასალის მიღება ქვევრში, სიმინდისა და ქერის ნაზავის სამჯერადი გამოხდით განახორციელა. წარმოებული ორიგინალური ქართული ვისკის უნიკალურობა კი გამოიხატება მისი წარმოების სპეციფიკაში. თიხა უზრუნველყოფს განსაკუთრებით სუფთა სპირტის მიღებას, რომლის დაძველებაც შემდგომ ხდება სპეციალურ მუხის კასრებში. ასეთი ტექნოლოგიით წარმოებული ვისკი განსაკუთრებული დამახასიათებელი გემოვნური და სხვა ორგანოლეპტიკური თვისებებით გამოირჩევა.

ნია ნაცვლიშვილი „რეგიონულ კვირას“ უყვება, რომ მისი და ალექსანდრე კვერნაძის შეხვედრა სრულიად შემთხვევით მოხდა და მას შემდეგ ყველაფერს ერთად გეგმავდნენ და დაგეგმილ გეგმებს ერთობლივად ახორციელებდნენ თუმცა მოულოდნელად, ქართული ვისკის სულის ჩამდგმელი ალექსადრე კვერნაძე გარდაიცვალა.

“ მე და ალეკო სულ ერთად ვიყავით ვეხმარებოდით ერთმანეთს ჩვენი იდეების განხორციელებაში და ყველაფერი ვიცოდი სად რას ყიდულობდა. როდესაც მარტო დავრჩი ეს საქმე მხოლოდ იმიტომ ავიღე ჩემს თავზე, რომ არა ცნობადობა გამეზარდა არამედ შემენარჩუნებინა ის, რაც ალეკომ შექმნა. ეს საქმე ვერ ვიტყვი რომ მარტივია მაგრამ უალეკოობაა რთული თორემ სხვა ყველაფერი მიღწევადია. ეს სახლი, რასაც ხედავთ ყველაფერი არის ჩემი და ალეკოს გაკეთებული. საოცარი მეგობრობა გვქონდა. ერთ დღეს როდესაც ალეკომ მოინდომა თავად დაემზადებინა საოჯახოდ არაყი, მას უყვარდა სიახლეები და გადააწყდა მარტივ მცნებას, რომ თიხა წარმოადგენს კარგ გამწმენდს სპირტის ორთქლისთვის. აქედან გამომდინარე, დაიბადა აზრი რატომ არა ქვევრი. დაიწყო თბილისში ჩვენს სამზარეოლოში ეს ექსპერიმენტი და იხდებოდა აფსოლიტურად ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელი იყო დავრწმუნებულიყავით რა შედეგს ვიღებდით. როდესაც გამოიცადა სხვადასხვა საწყისი პროდუქტი მურაბები, ჯემები და სხვადასხვა პროდუქტები გამოიკვეთა ორი ძირითადი მაჩვენებელი. ერთი იყო ის, რომ შენარჩუნებული ჰქონდა ავთენტურობა საწყის პროდუქტს, ანუ ვერ ვხვდებოდით რის არაყს სვამდით და არ ჰქონდა პირველი ყლუპის შოკის ეფექტი ანუ იყო საკმარისად დარბილებული. თავისთავად ცხადია შემდეგი ეტაპი იყო მიღებული ტისტილატის ლაბორატორიული კვლევა და აღმოჩნდა რომ შეესაბამებოდა მიღებული შედეგი ყველა პარამეტრს და მხოლოდ ამის მერე დაიბადა აზრი რატომ მარცვლეული, იცით რომ ვისკის საწყისი მასალა არის მარცვლეული შესაბამისად მას ძალიან უყვარდა ვისკი და ძალიან კარგად ერკვეოდა ვისკის კატეგორიებში ხარისხებში და სიახლე იყო საქართველოს ბაზრისათის. ალეკომ შეარჩია ქერი და სიმინდი“, – გვიყვება ნია ნაცვლიშვილი

ალექსანდრე დისტილერის მარანში ერთი თვის განმავლობაში იწარმოება დაახლოებით 100 ლიტრი 75 %-იანი ვისკის მასალა, რომელიც 3 წლიანი დაძველების პროცესის გავლის შემდგომ, რეალიზაციისათვის თბილისში გადის, პროდუქციის შეძენა ხორციელდება აგრეთვე კერძო პირების დაკვეთით.

მარნის ექსკლუზიური პროდუქტია შარბათი „ტიფლისი“ – არომატიზირებული ღვინო, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული და დამზადებულია უძველესი ქართული ტექნოლოგიით, ძველი ქართული კარაბადინის რეცეპტის მიხედვით. არომატიზაციისთვის კი გამოყენებულია 8 სახეობის სანელებელი. შარბათმა ქართველი და უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მარანში უნიკალური „შალას“ (ასურეთული შავი) ჯიშის ყურძნისგან, ევროპული ტექნოლოგიით, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება ღვინო „ასურეთული“. სპეციალურ საავტორო ხელნაკეთ ეტიკეტზე დატანილი კონცეფციის მთავარი იდეაა „ღვინო და ხელოვნება“ (Wine & Art).

ნია „რეგიონულ კვირას“ სამომავლო გეგმებს უზიარებს.

ყველაზე მთავარი, რაც ალეკოს ძალიან უნდოდა მინიატურული ვისკის ბოთლების შექმნა. ეს მე უკვე შევქმენი. მას რადგან ასე ძალიან უნდოდა მინიატურული ბოთლები და საქართველოში სამწუხაროდ ვერ იშოვა ჩვენმა ქალიშვილმა ჩამოუტანა დაახლოებით 20-30 ცალი მინიატურული ბოთლი და ამიტომაც გადავწყვიტე ამ იდეის განხორციელება ანუ მას ეს ბოთლი ნანახი აქვს. მას უნდოდა გამოეშვა საიუბილეო ნაკრები, რომელიც იქნებოდა სამ ბოთლიანი შესაბამის ყუთში და იქნებოდა ალექსანდრე დისტილერის პროდუქცია. პროდუქცია მაღალალკოჰოლური სასმელების და არა ჩვენი შარბათის და ღვინის, რომელშიც იქნება წარმოდგენილი ვისკი, ჭაჭა და მარცვლეულის დისტილატი ანუ თეთრი ვისკი. მე ვგეგმავ ამას 12 დეკემბრისათვის, რადგან 12 დეკემბერი არის ჩვენი გაცნობის თარიღი და ამ დღეს ყოველთვის ავღნიშნავდით ერთად და მე მინდა, რომ ამ წლის 12 დეკემბერს ალეკოს ეს საჩუქარი ჰქონდეს ჩემგან“, – გვითხრა ნია ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები