სენაკის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს , – ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტს, რომლის ღირებულება 46 282, 76 ლარს შეადგენს, შპს ,,ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.
„მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩის N223-ში. სამუშაოების ღირებულება 75 538, 24 ლარს შეადგენს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მინი სპორტული მოედნის, სოფელ ზანის საჯარო სკოლის მინი სპორტული მოედნისა და დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დასრულებულია მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მოწყობა.
ასევე დასრულებულია იუსტიციის სახლის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები.
2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოეწყო 23 მინი სპორტული მოედანი.
ასევე, სენაკის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზები; კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – ნათქვამია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.