ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15,4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე იფორმაციით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყა კიუვეტები და გაბიონები, მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნების.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფელ ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდინარე ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები.
აღნიშნული გზით სარგებლობს მთის 18 სოფელი და 22 სოფელს აკავშირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებთან.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 14 489 880 ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.