„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა
ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს და სასტუმროს შესასვლელთან სანთლები დაანთეს. „ლეოგრანდთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მივიდა.
„დღეს არის გახსენება იმ ახალგაზრდების, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ეს მოუშუშებელი ტკივილია როგორც ქალაქისთვის ასევე მათი ოჯახებისთვის. ვუსამძიმრებ მათ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე.
20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
„ლეოგრანდის“ საქმეზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა.