ბახმაროდან დამსვენებლების გამოსაყვანად გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად, ბახმარომდე მისასვლელი გზა გაიწმინდა და ამ დროისთვის ყველა მათგანს შეუძლია კურორტის უსაფრთხოდ დატოვება. როგორც “ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, 18 ნოემბრიდან კვლავ აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
“გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით. გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად გახდა საჭირო, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.