ბახმაროში დიდთოვლობის გამო, კურორტი გარესამყაროს მოწყდა – მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშოები

გვიან ღამით ბახმაროში მოსული დიდი თოვლის გამო,  კურორტი გარესამყაროს მოწყდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ბახმაროში მყოფმა ტურისტებმა განუცხადეს, კურორტზე ათეულობით დამსვენებელია და  უხვი ნალექის გამო ისინი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ “რეგიონულ კვირასთან” განმარტა, მოსახლეობა გაფრთხილებული იყო, რომ არ ასულიყვნენ კურორტზე, რადგან მოსალოდნელი იყო ამინდის გაუარესება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მალე მძიმე ტექნიკაც მივა.

„პირველი, რაც მინდა ვთქვა, მიუხედავად გაფრთხილებისა, შესაბამისი ტრაფარეტის განთავსებისა, რომ ამ პერიოდში ბახმაროში, მით უმეტეს მოუმზადებელი ტექნიკის, ვგულისხმობ სედანის ტიპის ავტომობილებს, ასვლა იყო აკრძალული. ჩვენი თანამოქალაქეები მაინც არ დაემორჩილნენ, გუშინ და გუშინწინ გავიდნენ, წუხელ იყო ინტენსიური თოვა. ასე იცის მთამ, ერთბაშად, 50-60 სმ-ის თოვლის საფარი მოვიდა. ამან შეუქმნა პრობლემა უკან დაბრუნების მსურველებს. ეს მონაკვეთი არის სახელმწიფო საგზაო დეპარტამენტის და დილიდანვე დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება. დავიწყეთ საწვავის მიწოდება იმ ტექნიკისთვის, რომელიც ბახმაროშია. ამ წუთებში მოემართება კამაცუს ტიპის მძლავრი ტექნიკა, ბულდოზერი, რომელიც ხეობაში მალე შემოვა და დაიწყებს გზის გაწმენდას. მე პირადად ვარ 42-ე კილომეტრამდე, ჩემი ავტომობილით უფრო შორს ასვლა ვერ შევძელი და ბურანის ტიპის ტექნიკით მივაწოდეთ საწვავი. ორივე მხრიდან იწყება გზის გაწმენდა, იმ დონემდე, რომ სედანის ტიპის ავტომობილებმაც შეძლონ გადმოსვლა. ვინც ვერ შეძლებს, ყველა შესაბამისი სამსახური აქ არის და დავეხმარებით, ჩვენ აქ ვართ და ამას ალბათ რამდენიმე საათი დააგვიანდება. კურორტზე დაახლოებით 50 ავტომობილია, როგორც ჩვენი წარმომადგენელი გვაწვდის ინფორმაციას. გუშინდლამდე ბახმაროში და მის მიმდებარედ ძალიან დაბალი თოვლის საფარი იყო და ალბათ ჩვენი თანამოქალაქეები ამან გაათამამა. ჩვენ უნდა დავიცვათ ყველამ კანონი, როდესაც მითითება არსებობს გზებზე, რომ გზა დაკეტილია, პროგნოზიც არაა საიმედო. რომ არ გადაეკეტა დღეს დილით გურიის პოლიციის თანამშრომლებს გზა, უწყვეტ ნაკადად მიდიოდნენ მანქანები. ასეთი მსვლელობა ხელს უშლის გზების გაწმენდას და შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. ამჟამად, ჩოხატაური – ბახმაროს გზის 52 კმ-დან 42-ე კმ-მდე არის შესაძლებელი ასვლა, სადაც ახლა მე ვიმყოფები“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები