ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო თითოეული ზუგდიდელის ხმა საქართველოს პარლამენტში
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ზუგდიდში არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. პირველ რიგში, მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ზუგდიდელს, რომელმაც მხარი დამიჭირა და მოვიდა მეორე ტურში, რომელმაც მომცა მათი წარმოდგენის მანდატი. ხაზი მინდა გავუსვა, იმას, რომ ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. თუმცა ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ მე ვიყო მთლიანად ზუგდიდისა და თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში. ეს ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანმა მეორე ტურში ამომრჩევლების დაბალი აქტივობის მიზეზად რამოდენიმე ფაქტორი დაასახელა, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშიირებული ვითარება და ასევე ოპონენტი კანდიდატის მხარდამჭერთა ბოიკოტი კენჭისყრის პროცესზე.
“მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბოიკოტს ქონდა თავისი ეფექტი რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველამ კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ ერთი რამ. ადამიანებმა, ვინც მხარი დაგვიჭირეს პირველ ტურში, რომლებმაც მოგვცეს საშუალება პროპორციული წესით წარვდგენილიყავით პარლამენტში, პირველ რიგში უნდა ვცეთ მათ პატივი. ამავდროულად ჩემს ვალდებულებას წარმოადგენს იმ ათობით ათასი ზუგდიდელის წარმომადგენელი ვიყო საქართველოს პარლამენტში, რა თქმა უნდა გარკვეული ეფექტი აქვს იმ პანდემიასაც, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები არის დემოკრატიის გამოვლინების უპირველესი ფორმა და არჩევნები არის ხალხის მმართველობის პირდაპირი განსახორციელებელი გზა, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ”, -აღნიშნა ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მისი მთავარი პრიორიტეტი, ზუგდიდის როგორც სოციალურ -ეკონომიკური, ასევე ტურისტული მიმართილებით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების და პროექტების განხორციელება იქნება, რასაც ჩიქოვანი მმართველ გუნდთან ერთად აპირებს.
“უკვე სამ თვეზე მეტია, ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ და არაერთი შეხვედრა და არაერთი ღონისძიება გვქონია, რომელიც პირდაპირ და ღიად გვისუბრია თუ რა იქნებოდა პრიორიტეტი ზუგდიდის მაჟორიტარის ირაკლი ჩიქოვანის. ეს პრიორიტეტები გახლავთ ის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შევინარჩუნოთ განვითარების ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების დევნილ ოჯახებს და მაქსიმალურად აღმოვფხვრათ საცხოვრისით უზრუნველყოფის პრობლემა. მესამე ეს არის კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იმ პროგრამებისა და იმ კონკრეტული სუბსიდიების დახმარების, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და მეოთხე ჩვენ უნდა გავზარდოთ ზუგდიდის ტურისტული პოტენციალი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს შეუძლებელი იქნება “ქართული ოცნების” გუნდის მხარდაჭერის გარეშე”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.