ოკუპანტებმა ზარდიანთკარში ე.წ. საზღვართან ადგილობრივი დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს, 63 წლის მირიან თაზიაშვილი ცხინვალშია გადაყვანილი.
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თაზიაშვილი სავარაუდოდ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. უცნობია, სად მოხდა მისი დაკავება, თუმცა სოფელი ორადაა გაყოფილი და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება.
უკანონო დაკავების ფაქტზე უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
იმ შემთხვევაში თუ თაზიაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში არ მოხდა, ქართული მხარე მის გათავისუფლებას ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მოითხოვს, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება.