გეგა შენგელია: მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც ქვეყნის განვითარებისთვის მანდატი კიდევ ერთხელ მოგვცეს
“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გეგა შენგელიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღე შეაფასა.
როგორც შენგელიამ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად იმარჯვებს, რაზეც მისი განცხადებით, მოქალაქეების აქტივობა და მხარდაჭერა მიუთითებს.
“ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, 107-ვე უბანი გახსნილი იყო ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში. ამ წუთებში მიმდინარეობს უბნების დახურვა, როგორც მოსალოდნელი იყო ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ჩვენ დღეს, ჩვენმა მომხრეების ძალიან დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, იმისთვის რომ გავაგრძელოთ განვითარების ის ტემპი, რაც არის ჩვენს მუნიციპლაიტეტსა და ქვეყანში. ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვანაირად იქნებოდა ხმების გადანაწილება, თუმცა მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა და ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ჩვენი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებდა. ასე რომ, მათი მხრიდან სპეკულაცია და დესტუქცია არის აზრს მოკლებული. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს ამომრჩეველს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა გეგა შენგელიამ.
ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხეძღვანელის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარეობდა.
“კორონავირუსთან დაკავშირებით იცით, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და ამან გარკვეულწილად განაპირობა, რომ ამომრჩევლებმა თავი შეიკავეს უბნებზე მისვლისგან. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი. ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, ჩვენი კანდიდატი მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვებდა”, – განაცხადა გეგა შენგელიამ.