ნინო ლაცაბიძე: ვფიქრობ, რომ ჩვენ პირველ ტურშიც არ გვყავდა კონკურენტი, 11 ათასით მეტი ხმა ავიღეთ
პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავისა და გარდაბნში ნინო ლაცაბიძემ მეორე საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ნინო ლაცაბიძემ განაცხადა მას აქვს კონკრეტული გეგმა რაზეც მთავარ აქცენტებს გააკეთებს პარლამენტში.
“ ხმა მივეცი გამარჯვების ბოლომდე გაფორმებას, ჩვენი ოლქის რუსთავის და გარდაბნის ბოლომდე განვითარებას და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ჩვენ პირველ ტურში გვქონდა დამაჯერებელი გამარჯვება თუმცა 50% ბარიერის გადასალახავად დაგვაკლდა მცირედი და დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც პირველ ტურში, მეორე ტურშიც რუსთავის და გარდაბნის ამომრჩეველი იქნება განსაკუთრებულად აქტიური და ჩვენ ჩვენს გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე”, განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე უქმნის თუ არა მას დისკომფორტს ის, რომ ფაქტობრივად კონკურენტის გარეშეა დარჩენილი და მხოლოდ ის მონაწილეობს მეორე ტურში, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, კონკურენტები პირველ ტურშიც არ ყოლია მას.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირველ ტურშიც არ გვყავდა კონკურენტი. 11 ათასით მეტი ხმა ავიღეთ ჩვენს კონკურენტებთან შედარებით და ეს უბრალოდ მათი არჩევანია და ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ხმას და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე ჩვენს სამუშაო პროცესს გადავიტანთ უკვე საპარლამენტო საქმიანობაში. როგორც რუსთავში დაბადებულმა და გაზრდილმა ვიცი ის გამოწვევები რომლებიც ქალაქში იყო და ასევე გარდაბნის სოფლებშიც. წინასაარჩევნო კამპანია ძალიან აქტიური გვქონდა აქედან გამომდინარე კიდევ უფრო კარგად დავინახეთ რა პრობლემები იყო და გვაქვს კონკრეტული გეგმა რა მიმართულებითაც ვიმუშავებთ”, – განაცხადა რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა.