„მცენარე ადამიანს დეპრესიიდან გამოსვლაში ეხმარება“- 20 წლის მებაღე ახალციხიდან

ციკლამენი, კალანჰოე, ჰიბისკუსი, სუკულენტი და კაქტუსი, ეს იმ მცენარეების მცირე ჩამონათვალია, რასაც 20 წლის მებაღე დეკორატორის, მარიამ მოსიძის სათბურში ნახავთ.
ყველაფერი საქართველოს საპატრიარქო დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯიდან დაიწყო. მარიამმა სკოლის დასრულების შემდეგ, მცენარეებისადმი დიდი სიყვარულის გამო, კოლეჯში ჩააბარება გადაწყვიტა. მისი გადადგმული ნაბიჯით თავისი ჰობი უკვე პროფესიად აქცია.
როგორც 20 წლის მებაღე დეკორატორი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წელი ერთ-ერთ სანერგეში იმუშავა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა გაეკეთებინა სათბური, სადაც მცენარეებს გააშენებდა და მომავალში გაყიდდა.
„ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილების მოვლა და მათზე ზრუნვა, ვარდების დაკალმება და გახარება. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ის, რომ შემესწავლა სამებაღეო საქმე. კოლეჯში მივიღე განათლება მებაღეობის მხრივ. ვისწავლე ყველა მცენარის მოვლა და ინდივიდუალურად გავიგე რომელ მცენარეს რა ტემპერატურაზე მოსწონს ყოფნა“,- აცხადებს მარიამი.
მიღებული ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ, მარიამი თავის სოფელს დაუბრუნდა და საკუთარი ბიზნესი ააწყო.
„პროექტი დავწერე და რეგიონული განვითარების ასოციაციამ დამაფინანსა. გარდა ამისა, ჩემმა მშობლებმა შემიწყეს ხელი და საერთო სახსრებით გავაკეთეთ სათბური. დღეს ამ სათბურში მომყავს ბევრნაირი ყვავილი. ჩემი ხელით ვახარებ ყველაფერს და შემდეგ ამ მცენარეებს ვყიდი. ძალიან მომწონს ის საქმე რასაც ვაკეთებ. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს“,-განუცხადა „რეგიონულ კვირას“ მარიამ მოსიძემ.
მარიამის დასახული მიზანი მხოლოდ სათბურის გაკეთებით არ დასრულებულა. 20 წლის მებაღე დეკორატორის სამომავლო გეგმაა ახალციხეში შექმნას კომპანია, რომელიც შიდა და გარე ინტერიერის მოვლაზე იზრუნებს. გარდა ამისა, გაამწვანებს სკვერებს და გაალამაზებს ეზოებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები