აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, რაც ხვალ უფრო გამყარდება.
„ხვალ აჭარაშიც საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ტარდება. ჩვენ ორი საარჩევნო ოლქი: ბათუმი და მაღალმთიანი აჭარა დაგვრჩა, სადაც ხვალ მაჟორიტარი კანდიდატების მეორე ტური გაიმართება.
ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში და ამავე დროს, ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ყველამ ერთად ვაჩვენოთ რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის – ამომრჩევლის ხმა.
რიგ ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა შესაბამისი მანდატი მიანიჭა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი წარმოდგენილი ყოფილიყვნენ და მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ორმა პარტიამ გადალახა ბარიერი. ესენია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უმრავლესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ, ასევე „ნაცმოძრაობა”.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაცმოძრაობა”, რა თქმა უნდა, ღრმად სულერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლათან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საკმარისი მანდატები, რომ მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი სამართლებრივი რისკები არ შეექმნას”, – აღნიშნა რიჟვაძემ.