ლანჩხუთში, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკა “მედალფას” დირექტორმა განუცხადა, დაშავებულს სხეულის 80%-ის დამწვრობა აქვს მიღებული.
“კლინიკაში შემოვიდა ორი პაციენტი, დამწვრობით. ორივე მამაკაცი, მათგან ერთის მდგომარეობა იყო მძიმე, სხეულის 80% დამწვრობით, გამოვიძახეთ რეანომობილი და ამ წუთებში მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. მეორე დაზარალებს, სხეულის 4-6 % დამწვრობა აღენიშნება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გაწერილია სახლში”, – განაცხადა რევაზ კვერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქება, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.