ჭანდარისა და ძირკოკის მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება ექნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭანდარსა და ძირკოკში 3 500-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.  ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული. 

კომპანიის ცნობით, სამუშაოებისთვის 10,5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს პროექტების განხორციელებას იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგება ათეულიწლებია პრობლემას წარმოადგენს.

მორიგი ტენდერი მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების –  ჭანდარისა და ძირკოკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 27 თვეში უნდა დაასრულოს.

დღეის მდგომარეობით,  ჭანდარსა და ძირკოკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს.  ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობას წყალი კვირაში  2-3-ჯერ რამდენიმე საათით მიეწოდება, ზაფხულის პერიოდში კი შესაძლოა, კვირაში ერთხელ მიიღონ. ადგილობრივების ძირითად ნაწილს  წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი, წყალი არ იქლორება.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ჭაბურღილებს და რეზერვუარს. მოეწყობა საქლორატორო, მაგისტრალური მილდენი, წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარი”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები