“მიშას მხარდამჭერი აქციაზე გინდა და მიშა არა, ასე არ გამოვა”
აქციებზე, მინიმუმ, 90% „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. მიშას მხარდამჭერი აქციაზე გინდა და მიშა არ გინდა – ასე არ გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრობს.
„აქციაზე ხალხს ეჭირა ხელში პლაკატი, „მიშა ჩამოდი“, რატომღაც „ლელომ“ ჩათვალა, რომ ასეთ აქციაზე მონაწილეობას არ მიიღებდა, რაც ძალიან არასერიოზულია. რადგან იქ ყველას თავ-თავისი სათქმელი აქვს, ზოგს საკუთარი დროშა უჭირავს, ზოგს ბუშტი ჰქონდა თავისი ნომრით. ჩვენ ვართ განსხვავებულები და ამ განსხვავებას არ ვმალავთ. ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი განსხვავებული პარტიები ივანიშვილმა იმაში გაგვაერთიანა, რომ ვიბრძვით თავისუფალი არჩევნებისთვის. თორემ ეს არჩევნები რომ ჩატარდება და ხალხი რამდენ წარმომადგენლობასაც აირჩევს, შევა პარლამენტში, იქ პარტიებს შორის ძალიან სერიოზული კამათი და პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს საკუთარი აზრის გამოხატვას.
იქ ითქვა, რომ ჩვენ გავედით იმიტომ, რომ არ გვინდა მთავარი ლოზუნგი „მიშა დაბრუნდი“ იყოსო. არც არავის უთქვამს, რომ მთავარი ლოზუნგი ესაა. მთავარი ლოზუნგი ისაა, რაზეც ვისაუბრეთ და შევთანხმდით – არ შევდივართ მეორე ტურში, არ შევდივართ პარლამენტში, ვითხოვთ ცესკოს თავმჯდომარის და ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
აქციებზე, მინიმუმ, 90% „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. თუ „ლელოს“, „ერთიანი საქართველოს“, „ევროპული საქართველოს“ „გირჩის“ და სხვა კოლეგების ლიდერებს პატივი უნდა სცენ, ჩვენ ვდგავართ და პატივს ვცემთ მათ ლიდერებს. ყველამ ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. ნორმალური არჩევნების გამო ვიბრძვით და ერთმანეთი უნდა ავიტანოთ. მიშას მხარდამჭერი აქციაზე გინდა და მიშა არ გინდა – ასე არ გამოვა“, – განაცხადა ბარამიძემ.
წამყვანის კითხვაზე, რომ არ იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციური პარტიები ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანდა? ამაზე ბარამიძე პასუხობს:
„გამოიყვანდა იმდენს, რამდენი მხარდამჭერიც ჰყავთ. რამდენი მხარდაჭერაც აქვთ, იმდენს გამოიყვანდა“.
შეგახსენებთ, აჭარაში, მთავრობის სახლთან ოპოზიციის მიერ გამართული ფართომასშტაბიანი აქცია „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმა“ დატოვეს. მიზეზი აქციაზე მყოფების ტრანსფარანტები გახდა წარწერით – „მიშა ჩამოდი“.
blob:https://www.facebook.com/a7eaaf5c-ddf7-41d4-b113-1174a5c2f72b