„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა გააკეთეს“ – ახალციხეში საკრებულოს დეპუტატის მანქანა დაწვეს

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის ავტომანქანა 15 ნოემბერს დაწვეს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ და როგორ დაწვა მანქანა.

როგორც თავად საკრებულოს დეპუტატი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, მისი საკუთრება უკვე მეორედ დაწვეს, თუმცა მიზეზები ამ დრომდე უცობია.

„მანქანა სახლთან მყავდა გაჩერებული. ხმა რომ გავიგეთ, გამოვედით და მანქანა თითქმის დამწვარი იყო. დაახლოებით, ღამის 4 საათი იქებოდა. მოვიდა პოლიცია, სახანძროც და მთელი ამბები იყო. მერე ევაკუატორით გადაიყვანეს ჩემი მანქანა. არ ვიცი, ვის შეიძლება გაეკეთებინა. უკვე მეორედ მოხდა ასეთი შემთხვევა და ვერც კი ვფიქრობ ვინ აკეთებს“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

„რეგიონული კვირის“ კითხვაზე- შესაძლებელია თუ არა რომ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს – პასუხი დადებითია.

„არაფერს გამოვრიცხავ. დიახ, შესაძლებელია პოლიტიკური თემიდან იყოს ეს ამბავი და ოპოზიციის ლიდერებს გაეკეთებინათ. ამ ცხოვრებაში უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ. დაველოდოთ გამოძიებას“,- თქვა ჰამბარცუმ ბაბოიანმა.

შემთხვევა 15 ნოემბერს მოხდა.

ფაქტზე საქმე უკვე აღძრულია და მოკვლევა მიმდინარეობს.  შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ეს საკრებულოს დეპუტატის მანქანის დაწვის პირველი შემთხვევა არაა. მას ავტომობილი 2017 წელსაც დაუწვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები