ახალგაზრდობის სააგენტო გურიაში, პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია
ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების „ახალგაზრდული მუშაკის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია. აქ პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები, პირველ, სახელმწიფოსგან აღიარებულ ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან.
შეხვედრის მიზანია, პროფესიული სასწავლებლის მონაწილეობით, სამუშაო პრინციპების განსაზღვრა პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მომზადება–განხორციელების ეტაპზე, ახალგაზრდების ჯგუფის და თემების განსაზღვრის პროცესის მონიტორინგი, რათა პროგრამა გამართულად და დროში შეუფერხებლად გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა ახალგაზრდობის სააგენტომ მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალგაზრდული საქმიანობის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.
გადამზადების პროგრამის დაწყება, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან.
პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მონაწილეები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. მონაწილეებს შორის მოცემული პროფესიული სასწავლებლებიდან თითო თანამშრომელიც არის წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ. შესაბამისად, პროგრამის ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას.