ტყიბულში 144 მუშის ინფიცირების გამო, საქნახშირი ორი კვირით წყვეტს სამუშაო პროცესს

ტყიბულის “საქნახშირში” კორონავირუსი 144 თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც კომპანიამ სამუშაო პროცესები შეაჩერა. საწარმოში 1 170 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, “საქნახშირში” სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
,,საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ამ დროისათვის, ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.
„საქნახშირის“ შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ”,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები