მცხეთა-მთიანეთში მუზეუმების,კულტურის სახლების და ისტორიული შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კულტურის სფეროში როგორც მშენებლობის, ისე რეაბილიტაციის კუთხით დახარჯული თანხა ათეულობით მილიონი ლარია. პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილის განხორციელება კი დღესაც მიმდინარეობს.
სოფელ ჩოხში აშენდა გოდერძი ჩოხელის მუზეუმი, რაც ამ დრომდე არ არსებობდა, ახლა მიმდინარეობს შენობის გარეთ – ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, ეხება ყაზბეგს, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმი სრულად რეაბილიტირდება და განახლებული მუზეუმი სულ მალე ვიზიტორებს მიიღებს.
ასევე, დაწყებულია ქალაქ დუშეთის ისტორიული უბნების განახლება, რესტავრაცია უტარდება მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ სახლს.
უკვე მთავრდება მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობის სამუშაოები, დაფინანსდა ასევე რეგიონში არსებული კულტურის სახლების რეაბილიტაციაც.
კულტურის სახლი განახლდება ასევე თიანეთში, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კი ხორციელდება მუცოს აღდგენის პროექტი. აგრეთვე, შატილში დაგეგმილია ისტორიული სოფლის – ამღის რეაბილიტაცია, რომელსაც ასევე ფონდი „ქართუ“აღადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული შენობების აღდგენისა და მშენებლობის სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს უწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას და დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას.