ბექა დავითულიანი: ვინც არ უნდა იდგეს ნიკა მელიას ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს
ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისის დაწვის უკან მყოფი პირი მკაცრად დაისჯება. აღნიშნულის შესახებ დავითულიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, – განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.