ზუგდიდელმა გოგომ მსოფლიოს ქალის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის პრემია აჩუქა – “რეგიონული კვირის” სიუჟეტი სამეგრელოდან

მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ზუგდიდელ მშვიდობის აქტივისტს სალომე ადამიას, ფართო აუდიტორია კარგად იცნობს, „რეგიონული კვირა“ კიდევ ერთხელ, უფრო ახლოს გაგაცნობთ ახალგაზრდას, რომელმაც სამყაროს მსოფლიოში ქალის სახელობის მშვიდობის საერთაშორისო პრემია აჩუქა.
ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის საერთაშორისო პრემია, არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელმაც ბინა სიმბოლურად, საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ ზუგდიდში დაიდო. უკვე მეორე წელია, ნობელიანტი ქალის პრიზით ის ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებიც ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ-ოსურ დიალოგსა და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში აქტიურად არიან ჩართულნი, ხოლო მათი შრომა ზედაპირზე, როგორც წესი – უხილავია.
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ავტორი და დამფუძნებელი 30 წლის, მშვიდობის აქტივისტი და საინიციატივო ჯგუფის წევრი სალომე ადამია გახლავთ.
სალომე ადამია 2012 წლიდან აქტიურად არის ჩართული, მშვიდობის მშენებლობასა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა პროექტში.
როგორც თვითონ ამბობს, მისი მიზანია, ქალები უფრო მეტად იყვნენ ჩართული მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
რა უნდა ვიცოდეთ, ბერტა ფონ ზუტნერზე?!
ბერტა ფონ ზუნტერმა საქართველოში მეუღლესთან ერთად, 9 წელი იცხოვრა, აქედან 5 წელი სამეგრელოში, ზუგდიდში გაატარა. ბერტა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრების, კერძოდ, ეკატერინე ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი გახლდათ. სწორედ, სამეგრელოში ცხოვრების პერიოდში იგი აქტიურად აგზავნიდა ნოველებს, დასავლეთ ევროპის პრესისთვის, სადაც რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის შესახებ და კავკასიაში არსებულ იმჟამინდელ მოვლენებზე ევროპას ამცნობდა. თუმცა, ბერტას ამ პერიოდში არავინ იცნობდა. მას წარმატება რომანმა „ძირს იარაღი“ მოუტანა, სადაც ავტორი მკითხველს ომის სისასტიკეების შესახებ მოუთხრობდა.
ასე აღმოჩნდა დადიანების მასწავლებელი მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა.
არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ზუგდიდი არის ადგილი, საიდანაც მსოფლიო სამშვიდობო მოძრაობის ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ხელმძღვანელი შემდეგში ბერტა ფონ ზუტნერი ხდება.
აღსანიშნავია, რომ ბერტა და არტურ ზუტნერებს ქართული კულტურისთვის, მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვთ გაწეული. როგორც ცნობილია, ბერტას გულითადი მეგობრობა აკავშირებდა იონა მეუნარგიასთან, ავსტრიელი ცოლ-ქმარი იონა მეუნარგიას „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ და გერმანულ ენაზე თარგმანის მომზადებაში ეხმარებოდნენ.

სალომე ადამია, როგორც „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, იგი გაჩერებას არ აპირებს და მისი გეგმები საქართველოში სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას უკავშირდება, თუმცა პანდემიამ, როგორც დანარჩენი მსოფლიო, მისი გეგმებიც დროებით შეაჩერა.

სოფო კაკაჩია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები