მანანა ნარიმანიძე: მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პირი რამდენიმე დღეა ცდილობს და ვერ ახერხებს სამედიცინო დახმარების მიღებას – ტყუილი აღმოჩნდა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, მცხეთაში მცხოვრები პირი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებდა.
ნარიმანიძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია.
მისივე თქმით, ზაურ ყაყაჩოველი, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თავს კარგად გრძნობს.
“ბატონი ზაურ ყაყაჩოველი, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა – თავს კარგად გრძნობს. მას ტემპერატურა არ აღენიშნება, მაგრამ ექიმების რჩევის შესაბამისად, ის ოთხი დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ტემპერატურა. როდესაც ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით და გადავამოწმეთ ეს ამბავი. მან განმარტა, რომ მუდმივი და ყოველდღიური კავშირი აქვს მის ექიმთან და რამე სახის დამატებით ჩართულობას არ საჭიროებს. ჩვენთვის ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.