მისაქციელში ახალი სპორტდარბაზი შენდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელს ახალი სპორტული დარბაზი ექნება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენობის ცენტრალური ფლიგელის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
დარბაზი ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებებს უმასპინძლებს. შენობა 60 ადამიანზეა გათვლილი.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ღირებულება შეადგენს 689 877 ლარს, ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს დასაქმებულია 20 მოქალაქე.
სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო(მანანა)ნარიმანიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მერაბ თუხარელმა დაათვალიერეს.
„სოფელ მისაქციელს არასდროს არ ჰქონია სპორტდარბაზი. შენობის დასრულების შემდეგ, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე ინვენტარით მოემსახურება სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას რეგიონში.დუშეთში შენდება სპორტკომპლექსი, სპორტული დარბაზის მშენებლობა სრულდება სოფელ ფასანაურში, ეს შენობაც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას და სპორტის პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონში,“-განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.