ბაბუის ნასწავლი ხელობა და პანდემიის დროს დაწყებული ბიზნესი – უჩხითელი დურგლის სამომავლო გეგმები

ხისგან დამზადებული ჯამები, ლამბაქები, საათები – ეს იმ ნივთების არაერთი ჩამონათვალია, რომლებსაც სოფელ უჩხითში მცხოვრები რესან ჟოჟაძე თავის პატარა სახელოსნოში ამზადებს.

სანამ ნივთი სრულყოფილ სახეს მიიღებს ხის მასალას ამუშავებს შესაბამისი პროცედურების შემდეგ კი აპრიალებს და სილამაზეს სძენს. მასალას ზოგ შემთხვევაში მეზობლებისგან ყიდულობს, ზოგჯერ კი თავად მოიპოვებს.

30 წლის ქედელი რესან ჟოჟაძე ,,რეგიონულ კვირას“ უყვება, რომ ბაბუის ნასწავლი დიდი ხნის წინ მივიწყებული საქმიანობა პანდემიის დროს გაიხსენა და საქმეს საკმაოდ სერიოზულადაც მიუდგა. თავის ეზოში არსებული ძველი ნაგებობა სახელოსნოდ აქცია და საუცხოო ნივთების დამზადებას შეუდგა. ამ ეტაპზე დურგლობა მისი ძირითად შემოსავლის წყაროა, რომლის გაფართოვებასაც სამომავლოდ გეგმავს.
“13 წლის ვიყავი როდესაც ბაბუამ შემასწავლა ხეზე მუშაობა, მერე მეზობელთან დავდიოდი, რომელიც ამ სფეროში კომპეტენტურია. თუმცა თავიდან დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, სანამ პანდემიამ არ მოგვისწრო. როცა ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა, გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომეყენებინა და ამით ოჯახი მერჩინა“,-იხსენებს რესან ჟოჟაძე.

ახალგაზრდა დურგალი დაკვეთებს ძირითადად ფეისბუქის საშუალებით იღებს. დამკვეთის მოთხოვნებს ითვალისწინებს და იწყებს ნივთის შექმნას. მერე უკვე ნივთს ადრესატთან ფოსტით აგზავნის.
,,საქართველოს გარდა ჩემი დამზადებული ნივთები საზღვარგარეთ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნადია. ეს ძალიან მეამაყება. იმისათვის, რომ დიდი რაოდენობით ნივთი დავამზადო კეთილმოწყობილი სახელოსნოა საჭირო, და ბევრი ხელშეწყობა, რადგან შეუძლებელია ასე მხოლოდ ჩემით რაღაც უფრო მაგარი შევქმნა, გარდა ამისა მინდა სოფელში ადგილობრივები დავასაქმო, ასე გაძლიერდება სოფელიც და ახალგაზრდები არ მიატოვებენ აქაურობას. პანდემიის დროსაც შეიძლება გამოსავლის ნახვა – მთავარი მონდომებაა. თუ სახელმწიფოს ან კერძო ორგანიზაციების მხრიდან ხელშეწყობაც იქნება ამით ძალიან კმაყოფილი ვიქნები“,-ამბობს რესანი.
გარდა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისა ახალგაზრდა ბიზნესმენს სხვა გეგმებიც აქვს, რაც მისი თქმით, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. რესან ჟოჟაძე საკუთარ ეზოში, იქ საიდანაც ქედის ულამაზესი ხედი იშლება, ხის ნაგებობების ჩადგმას აპირებს, სადაც ტურისტს რესანის მიერ დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა სახლში დარჩენა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეეძლება.  ახალგაზრდა დურგლის ბიზნესგეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე განლაგდება დახლებიც, სადაც განთავსდება ადგილობრივი წარმოების თაფლი, ყველი, მაწონი, და სხვა სოფლის ნობათი.

ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები