სკრის დევნილთა დასახლებაში ,,ისწავლე წარმატებისთვის’’ ფარგლებში პროექტის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებული კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სკრის დევნილთა დასახლებაში ,,ისწავლე წარმატებისთვის’’ ფარგლებში პროექტის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
პროექტი ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემმა’’ სკრის თემში მცხოვრები 25 დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსწავლე-ახალგაზრდისთვის განახორციელა.
პროექტი გულისხმობდა ტრენინგებს პროექტების წერის, ღონისძიებების დაგეგმვისა და პრეზენტაციის, ფონდების მოძიებისა და გუნდურობის შესახებ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებას თექის, ქარგვის, კრაფტის, კულინარიისა და კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით.
დასკვნით ეტაპზე დაგეგმილი აქტივობები – საინფორმაციო-შემეცნებითი ვიზიტები გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ სასწავლებლებსა და მოქმედ საწარმოებში კორონა ვირუსის გავრცელების გამო აღარ განხორციელდა.
პროექტის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ფარგლებში 12-17 წლის მოტივირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმირება, რაც მათ შემდგომში საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ.