ინტერვიუ მეგის ქარდავას მამიდასთან – “ჩემი ძმისშვილი გმირია”
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ოჯახი რამდენიმეწლიან დუმილს „რეგიონულ კვირასთან“ არღვევს. როგორც ირკვევა, ძებნილ მეგის ქარდავას ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია აქვს. ყოფილი მაღალჩინოსნის მამიდა მიიჩნევს, რომ მისი ძმიშვილი, რომლის სახელთან “კასრების საქმე”, ადამიანების წამება და, ზოგადად, არაადამიანური მოპყრობაა დაკავშირებული, გმირია. ამბობს, რომ მეგის ქარდავა ალალი, პატიოსანი და წესიერი პიროვნებაა და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ის სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.
„ის იყო, არის და იქნება გულმართალი, სპეტაკი ადამიანი“, – ამბობს დოდო ქარდავა.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ყოფილი ძალოვნის მამიდა ახლანდელ მთავრობაზე განაწყენებულია, რადგან, დოდო ქარდავას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „მეგის ქარდავას გონიერება ვერ დააფასა“. ამბობს, რომ ხალხი დღესაც “შენატრის მეგისისნაირ მმართველებს”.
შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, ზედმეტსახელად „ჯალათი“ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეა მსჯავრდებული: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), „კასრების“ საქმეზე, ბ.რ.-ს წამების საქმეზე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. ამჟამად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსრულებლად იხილება ქარდავას ბრალდების, სისხლის სამართლის 5 საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი – მალხაზ არქანიას წამების საქმე, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე. ჩამონათვალი მართლაც „შთამბეჭდავია“, თუმცა, ყველაზე მძიმე ბრალდებები “ჯალათს“ “კასრების საქმეზე” აქვს წაყენებული.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ზუგდიდში, სოფელ ნარაზენის ტყეში პოლიეთილენის 8 ცალი კასრი იპოვეს, სადაც, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. როდესაც კასრებში ნაპოვნ ვიდეოფირებზე ჩაწერილი მასალა დაათვალიერეს, აღმოაჩინეს, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი კადრები იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მოახერხა და ისინი დააკავა. ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავას პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ. “კასრების საქმეზე” განაჩენი 2014 წელს გამოცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს – თ.უ. – ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.
ამ დროისთვის, ძებნილი „ჯალათი“ სოციალურ ქსელებში აქტიურობს. ხშირად აქვეყენებს საკუთარ პოზიციას სხვადასხვა საკითხზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ხშირად წერს, სადაც მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებს.