თელავში “ნადიკვარის” პარკის რეაბილიტაციაზე 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
თელავში, ქალაქის მთავარი დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ,,ნადიკვარზე,, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად გაითვალისწინა მოსახლეობის აზრი და პარკის რეაბილიტაცია ადგილობრივების სურვილების გათვალისწინებით მოხდება.
,,2012 წელს ოპოზიციის მმართველობის დროს რეაბილიტაციის შედეგად ნადიკვრის გორა გაიჭრა შუაზე და გაკეთდა ე. წ გადასასვლელი ხიდი, რომელიც დამსვენებლებისთვის საფრთხეს ქმნიდა. პირველადი პროექტით სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული გორის ამოვსება. თუმცა როდესაც პროექტი წარმოვადგინეთ საზოგადოებას, მოსახლების მხრიდან წამოვიდა დიდი სურვილი რომ აღნიშნული გორა შევსებულიყო და ჩვენ გარკვეული კორექტირება შევიტანეთ ამ პროექტში. უკვე მიმდინარეობს გორის ამოვსება, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. ასევე, აზრთა სხვადასხვაობა იყო ძველ ფანჩატურებთან დაკავშირებითაც. მინდა სრული პასუხისმგწბლობოთ განვაცხადო, რომ ყველა ის შენიშვნა რაც მოსახლეობის მხრიდან მოდიოდა გავითვალისწინეთ, ფანჩატური არ განლაგდება გადასახადებზე, განლაგდება ცალკე. ნადიკვრის პარკში განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული სცენის გადახურვის რეაბილიტაციაც. ეს ყველაფერი კი დაახლოებით 550 000 ლარია ღირებულების არის”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
ნადიკვრის პარკში მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს. ზაფხულში კი ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა სრულად მოწესრიგებული დახვდება.