ზუგდიდში ბინებს კიდევ 500 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს
დევნილთა სააგენტომ, დამატებით გამოაცხადა 500 ბინის შეძენაზე კონკურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ, დამატებით ბინებს ზუგდიდში 500 დევნილი ოჯახი მიიღებს და მათ, შესაძლებლობა ექნებათ, კეთილმოწყობილ გარემოში განაგრძონ ცხოვრება, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ განუცხადა.
როგორც ზუგდიდის მერმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტი დევნილთა განსახლებაა.
„მოგეხსენებათ, ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების დიდი რაოდენობა არის თავმოყრილი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საოკუპაციო ხაზიდან ყველაზე ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტი. წელს ვგეგმავთ, 360 ბინის განაწილებას მე-3 და მე-4 კატეგორიის ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებზე, ასევე მომავალი წელს დაგეგმილია 600 ბინის გადაცემა დევნილი ოჯახებისთვის და ამ ბინების გადანაწილება, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით მოხდება. დევნილთა სააგენტომ, დამატებით გამოაცხადა 500 ბინის შეძენაზე კონკურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ დამატებით 500 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს ზუგდიდში და მათ, შესაძლებლობა ექნებათ, კეთილმოწყობილ გარემოში განაგრძონ ცხოვრება. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრორიტეტია დევნილების განსახლება, რამეთუ უკვე რამოდენიმე წელია დაწყებულია აღნიშნული პროცესი და ჩვენ დაახლოებით 20 000-მდე დევნილ ოჯახს, სხვადასხვა ფორმით გადავეცით საცხოვრებელი ბინები თუ სოფლად სახლი შევუსყიდეთ. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება, მანამ სანამ თითოეული დევნილი ოჯახი, არ დამაყოფილდება“, – განაცხადა გეგა შენგელიამ.
დევნილთა სააგენტო სამშენებლო კომპანიებისგან ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ბინების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. საკონკურსო წინადადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გარდა ამისა, ზუგდიდში წლის ბოლომდე ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის მიმდინარეობს 5 კორპუსის მშენებლობა – სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.