მერაბ კობიაშვილი: ემოციებში ვარ და ვერაფერს ვლაპარაკობ
ემოციებში ვარ და ვერაფერს ვლაპარაკობ, – ამის შესახებ გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა ” გორის რაიონულ სასამართლოში, სასამართლოს სხდომიდან მისი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გათავისუფლდა. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა ბრალდებულის საქმეზე, საკმარისი ნაფიც მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9 თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, საქმის არსებითი განხილვისთვის, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა გაგრძელდება.
„დღევანდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით დარწმუნებული 100%-ით არ ვიყავი, მაგრამ მოლოდინი მქონდა. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, მითუმეტეს, როცა ზურგს სიმართლე გიმაგრებს. ჩვენს მხარეს სიმართლეა და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ”,- განაცხადა ბრალდებულის მეუღლემ, ნატა ქიტესაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.