ქუთაისში გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო, – ამის შესახებ კლინიკა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განაცხადა.

ამ დროისთვის კლინიკა „ბომონდში“ 120 პაციენტი რჩება.

ამასთან, კლინიკაში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. 64 წლის მამაკაცი კლინიკა „ბომონდში“ 26 ოქტომბერს შეიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს, დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. კერძოდ, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონით გამოწვეული გართულებები.

„სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევა. პაციენტის გადარჩენა თანმდევი მძიმე დაავადებებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღე მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ამ დროისთვის კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 120 პაციენტი გადის. ორი თვის განმავლობაში კლინიკიდან 300-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა“, – განაცხადა მამია ყიფიანმა.

რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკიდან ექვსი გამოჯანმრთელებული გაეწერა და რვა ახალი კოვიდდადებითი პაციენტი მიიღეს. ამ ეტაპზე საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის სამი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფებიან.

კლინიკაში მკურნალობს ექვსი ბავშვი. ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. ასევე, კლინიკაში მკურნალობს 102 წლის ხანდაზმული ქალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები