“თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავას სასამართლოში უჩივის
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში საკუთარი პარტიის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა. გოდერძი კუბლაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს მიზეზს, თუ რატომ მოხსნა კანდიდატურა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი დღით ადრე.
„მივმართავ პატ. კუკავას! გადაუხადეთ კოორდინატორებს კუთვნილი ხელფასები.
მათ ჩემთან ერთად მთელ სამცხეს გააცნეს თქვენი პარტია”,- წერს ყოფილი კანდიდატი.
გოდერძი კუბლაშვილის განცხადებებიდან ირკვევა, რომ პარტიამ დაქირავებულ თანამშრომლებს დაპირებული ანაზღაურება არ გადაუხადა, რასაც მაჟორიტარობის კანდიდატის გაბრაზება მოჰყვა. მოგვიანებით კი არჩევნებამდე 2 დღით ადრე, გოდერძი კუბლაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
„რადგან პარტიის ხელმძღვანელები არ კადრულობენ პასუხს, დავაკონკრეტებ. მე გავაფრთხილე პარტიის ხელმძღვანელობა, რომ მოვიხსნიდი კანდიდატურას (გადაამოწმეთ ჩეკურიშვილთან და მაქაცარიასთან). რატომ?
1. შეპირებული დაფინანსება – ტყუილი. 2. ბანერის გაკეთება – ტყუილი. 3.პლაკატების გაკვრა – ტყუილი. 4. ოთხივე რაიონში შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა – ტყუილი. 5. მაისურების და კეპებს მოცემა – ტყუილი. 6. ოფისის ხარჯები (მაგიდა,სკამები, ფურცლები, კალმები და ა.შ.) – ტყუილი. 7. ელემენტალური ხარჯები (ჩაი, ყავა) – ტყუილი. 8. კოორდინატორების ხელფასები (106 უბანია სამცხეში) – ტყუილი. 9. მხოლოდ ეს ოთხი გოგონა დამთანხმდა იმ მიზერულ 80 ლარს და მთელ სამცხეს გააცნეს პარტია. 10. სამი თვის დღე და ღამ მუშაობაში მივიღე სულ 450 ლარი მანქანის სერვისისათვის (ზეთის შეცვლა, ტექ.დათვალიერება, მუხრუჭები, 20000 კმ. გავიარე). 11. თქვენი პარტიის ნდობა სამცხეში გახდება – ნული”,- აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, კუბლაშვილი კუკავასთან და მის პარტიასთა სამართლებრივ დავასაც აპირებს.
„რადგან, პარტია “თავისუფალმა საქართველომ” და მისმა თავმჯდომარემ კუკავამ გადაწყვიტა ამ ოთხი კოორდინატორი ქალბატონის გადაგდება, ვეცდები ეს დავა გადავიტანო სამართლებრივ ჭრილში. დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს მტყუან-მართალი”,- აცხადებს კუბლაშვილი.
გაგრძელდება თუ არა „თავისუფალ საქართველოსა“ და მათივე კანდიდატს შორის დავა სასამართლოში, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე კუბლაშვიმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანდიდატურას ხსნიდა. მაშინ კუბლაშვილმა მიზეზად პარტიის „გაურკვეველი ორიენტირი და უყურადღებობა“ დაასახელა.