“ჩემი ცხოვრების წესია: მსახურება ხალხის და მსახურება ქუთაისის” – ინტერვიუ ზაზა ლომინაძესთან

ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება. მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მოიპოვა. ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 42,16%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 34,72 % აიღო. კანდიდატებმა მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

მეორე ტურისთვის მზადება “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ უკვე აქტიურად დაიწყო, განსხვავებით მისი ოპონენტისგან –  გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორ აფასებს არჩევნების პირველ ტურს ზაზა ლომინაძე და რა მოლოდინები აქვს მეორე ტურში – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე “რეგიონულ კვირას” ზაზა ლომინაძე პასუხობს.

პირველ რიგში რომ გვითხრათ, რამდენად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები ქუთაისში?

ქუთაისში, არჩევნები მშვიდ, ნორმალურ გარემოში ჩატარდა. კოვიდ პანდემიის დროს, 74 ათასი ამომრჩეველი მოვიდა, რაც ძალიან კარგია და მადლობას ვუხდი მოსახლეობას აქტიურობისთვის. ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება და ეს ნება არჩევნების შედეგებში აისახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნება” მომავალ პარლამენტში, პირველი ტურის მონაცემებითაც კი, ქმნის უმრავლესობას და აკომპლექტებს მთავრობას. მეორე ტურში, დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ კი, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას. პოზიცია-ოპოზიცია ერთხმად შეთანხმდა, რომ ქუთაისში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ერთ-ორ მცირე გაურკვევლობას თუ არ ჩავთვლით, რაც მალე აღმოიფხვრა. ეს აღიარა ჩემმა ძირითადმა ოპონენტმა გრიგოლ ვაშაძემ, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. როდესაც მიხვდნენ, რომ არჩევნები წააგეს ოპოზიციამ დესტრუქციულ ქმედებებს მიმართა.

თქვენი აზრით, რატომ დადგა მეორე ტურის აუცილებლობა ქუთაისში და რამდენად რთული ოპონენტები გყავდათ?

ქუთაისში 22 კანდიდატი ვიბრძოდით მაჟორიტარობისთვის და შესაბამისად დადგა მეორე ტურის აუცილებლობა. ეს იყო ნამდვილად “ქუთაისური არჩევნები”, ვინაიდან 22 კანდიდატიდან- ვიღაც ვიღაცის ახლობელია, მეგობარია, ნაცნობია ამიტომ გული არავის დაწყვიტეს და გადანაწილდა ეს ხმები. როდესაც ჩემს უბანზე ხმის მისაცემად მივედი და ბიულეტენი გავშალე, მე თვითონ დავიბენი, იმდენად გრძელი ჩამონათვალი იყო.

თქვენმა ოპონენტმა გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალირი მოძრაობიდან” უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, ამის მიუხედავად, ემზადებით თუ არა მეორე ტურისთვის?

რა თქმა უნდა, ვემზადებით მეორე ტურისთვის და გამარჯვებისთვის. არასდროს მიმიტოვებია ჩემი ქალაქი და ამომრჩევლები შუა გზაში, წინ კიდევ ერთი ბრძოლაა მოსაგები, რომელიც 21 ნოემბერს აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მისთვის პირველი არ არის ქუთაისელი ხალხის შუა გზაში მიტოვება, ასე მოიქცა წინა არჩევნებზეც, როდესაც მერობის კანდიდატობაზე იყრიდა კენჭს. არჩევნების მეორე დღესვე ქალაქი დატოვა და თბილისში გადაბარგდა.

რატომ უნდა აგირჩიოთ ქუთაისელებმა, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მათთვის ?

ქუთაისმა უნდა აირჩიოს ქუთაისელი, ის კანდიდატი, ვინც მათ ქალაქში ცხოვრობს, იცის მათი პრობლემები, ყოველთვის მათ გვერდში დგას. დავიბადე, გავიზარდე ქუთაისში და აქ ვცხოვრობ, ვიცი ამ ქალაქის საჭიროება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ზოგადად ქუთაისელისთვის, ადამიანი არის პრიორიტეტი. სწორედ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ ჩემ­თვის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, ვისთვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანია. ამ მთავ­რო­ბას არას­დროს შე­უ­ლა­ხავს საქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ღირ­სე­ბა, ატარებს არა­მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, გა­აზ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ვნა­ხეთ, რა შე­დე­გი მო­აქვს ომს. ომის დროს არა­ერთი დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცის­თვის მიმ­კურ­ნალია და ვი­ცი, ეს რა ტრა­გე­დი­აა. რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! დე­ო­კუ­პა­ცი­ას მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტი­კა ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია, სწო­რედ ამი­ტომ ვარ ამ გუნ­დის წევ­რი, ვიცი, რომ ეს გუნდი ადამიანის ღირსების და კეთილდღეობის სადარაჯოზე დგას.

ბატონო ზაზა, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი პარლამენტში, რის გაკეთებას გეგმავთ ქუთაისისთვის?

ძალიან აქტიური მაჟორიტარი დეპუტატი ვიქნები, რომელიც ჩართული იქნება, სხვადასხვა პროექტში. ისევე, როგორც ქუთაისის საკრებულოში მოღვაწეობის დროს ვიყავი აქტიური წევრი, არასოდეს მოვდუნდები. ჩემი ცხოვრების წესია მსახურება ხალხის და მსახურება ქუთაისის.

რას პირდებით ქუთაისის ამომრჩეველს?

ზოგადად, ყველაზე კარგია დაპირების გარეშეც რომ აკეთებ რაღაცებს. ვპირდები მინიმუმს და ვასრულებ მაქსიმუმს. საერთოდ, ყველა თუ ასე გავაკეთებთ, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდება. არასოდეს მომიტყუებია ადამიანი. არ შეიძლება ამომრჩეველზე იყო ორიენტირებული, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი გული მოიგო, არ შეიძლება ავიაკომპანიების შემოყვანას დაჰპირდე, მაშინ, როცა მსოფლიო ბაზებს ამცირებს. რეალობა უნდა დაინახო ის, რაც არის. მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს და კიდევ უნდა დავიწყოთ ფიქრი კანალიზაციის პროექტზე, რომელიც მოსახლეობას წლებია აწუხებს. მთავარი იქნება ქუთაისის ბიუჯეტის მაქსიმალურად მობილიზაცია და გაზრდა რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სჭირდება კიდევ დამატებითი თანხები იმისათვის, რომ ქუთაისი მეტად მიმზიდველი ქალაქი იყოს.

ქუთაისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ქალაქის სტატუსი, თქვენ როგორ ფიქრობთ რა სტატუსი იქნება ქალაქისთვის მომგებიანი ?

ჩემთვის, როგორც ქუთაისელისთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იყოს საპარლამენტო ქალაქი, საქართველოს დედაქალაქი და ასე შემდეგ. ბაგრატ მეფემ ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად დაასახელა, მაგრამ მეფე დავითმა დედაქალაქი თბილისში გადაიტანა და გელათის აკადემიის აშენებით დაარქვა მეორე ათინა, მეორე იერუსალიმი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნით ჩვენ ზუსტად ჩვენი დიდი მეფის დანაბარებს ვასრულებთ და ვაგრძელებთ. ზუსტად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ უნდა ავაგოთ ქუთაისის მომავალი, მთელი ინფრასტრუქტურა ეწყობა, თქვენ ხედავთ 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაცილებით მეტი სტუდენტი ჩაირიცხება სასწავლებელში. მიუხედავად იმისა, რომ იძახოდნენ და ეგონათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ აშენდებოდა, ვხედავთ აშენდა და გრძელდება ეს პროექტი. არც გელათი და არც ბაგრატი არ აშენებულა ორ წელიწადში. გული რომ გვწყდება ახალგაზრდების ნაკადს ვერ ვხედავთო, სიცოცხლე არ არისო, ეს ყველაფერი მიმართულია იმისათვის, რომ ეს პროცესი იქნას დაძრული. ყველაფერი გაკეთდება, აშენდება და გაშენდება ქალაქები, მაგრამ მთავარი ახლა არის ის, რომ კოვიდპანდემია დავძლიოთ. 21 ნოემბერს გავიმარჯვებთ და შემდგომ კოვიდსაც დავამარცხებთ აუცილებლად.

 

ანუკა ლიპარიშვილი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები