მოზაიკური პანოები ლაჯანურჰესში და სევდიანი მხატვრის ცხოვრების უცნობი დეტალები
„ორიგინალური პიროვნება, ცოცხალი მატიანე, თავისი კუთხესა და ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული, უჩვეულო პოეტი და მხატვარი- არცერთი მისი ნახატი და ლექსი ვინმეს არ იმეორებს, თვითნასწავლი და თვითნაბადი ნიჭის კრებული, მისი სახლი მუზების თავშესაფარი იყო“- ასე ახასიათებს ლეჩხუმელ თვითნასწავლ მხატვარს დემნა ფრუიძეს მისი ერთ-ერთი ნათესავი, ყოფილი პედაგოგი სულიკო ქარსელაძე.
დემნა ცაგერში, სოფელ ალპანაში 1935 წელს დაიბადა, გაიზარდა, ბავშვობიდანვე წიგნის კითხვა უყვარდა და მშობლიური ლეჩხუმის ფუნჯებით ხატვა, გასაოცარ ბიბლიოთეკას ფლობდა, განსაკუთრებული განათლება არაფერი მიუღია, მაგრამ იშვიათად იპოვიდით ადამიანს, ყველა თემაზე კომპეტენტურად მისნაირად მსჯელობა შეძლებოდა.
სიძველისგან შემხმარი აკვარელები, გაურეცხავი ფუნჯები, ორი მოკრძალებული რკინის საწოლი, ნახატები, ძველი პატეფონი,ჩაიკოვსკის, კარუზოს,ლიანა ისაკაძის შემოქმედების ამსახველი მუსიკალური პატეფონის ფირფიტები, სიძველისგან შელახული მისი ფოტოსურათები ახლაც ამშვენებს მისი პატარა ქოხი-სახელოსნოს მოძველებულ ინტერიერს, ეზო სიძველისგან გადაველურებული, თუმცა დემნას ეზოდან ლეჩხუმის ულამაზესი ხედები, მხატვრის მუზა ისევ კარგად ჩანს.
1997 წელს დემნა მოულოდნელად, 62 წლის ასაკში გულით გარდაიცვალა.
მანამდე კი ბევრი რამ მოასწრო, ლექსებიც წერა და „ლაჯანურჰესის„ კედლებზე უსასყიდლოდ, მოზაიკური პანოს ისეთი ნიმუშები დატოვა, ნებისმიერი გემოვნების მნახველს გულგრილად რომ არ დატოვებს, პანოებზე ლეჩხუმის ქედები და მურიც ციხეებია დატანილი.
„მისი გახსენება დიდი ტკივილი და ამავე დროს დიდი მადლია“,- ამბობს მერაბმუკვანი, რომელიც დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დემნასთან მეგობრობდა. მერაბი „ლაჯანურჰესის“ დირექტორია, სადაც დემნა ძალიან მცირე ანაზღაურებაზე მუშაობდა. „მთელი სოფლის ახალგაზრდები მაგასთან ვიკრიბებოდით, უსაზღვრო განათლების მქონე, ყველაში ამ ცოდნას დებდა, ძალიან სევდიანი იყო , ჰქონდა კიდეც სევდის მიზეზი-10 წლის შვილი ჰყავდა გარდაცვლილი, ჩვენთან, ლაჯანურჰესზე 70 მანეთად მუშაობდა და ისეთი მოზაიკური პანოები დაგვიტოვა, ხელოვნების შედევრებს რომ შეედრება. მაგისთვის ფულს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ბედნიერება მისთვის იყო გუაშები, ფუნჯები, ლექსის წერა და ნახატის ხატვა. სიტყვა-„ბეღურა“ უყვარდა ძალიან, როცა კითხავდი-დემნა, როგორ ხარ? „ბეღურასავითო“, წამში გიპასუხებდა“,-იხსენებს მერაბი.
დემნა ფრუიძე, ნაადრევად და უჩუმრად, უპრეტენზიოდ ამ ქვეყნიდან წასული ლეჩხუმელი მხატვარი, „კაცი, რომელიც ბეღურასავით“ სევდიანად ცხოვრობდა.
მარინა სვანიძე