6 მიზეზი თუ რატომ უნდა ვესტუმროთ სამცხე-ჯავახეთს
სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოში მდებარე რეგიონია და სამცხის, ჯავახეთის და თორის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ტერიტორიებს მოიცავს. მისი ადმინისტრაციული ცენტრი ახალციხეა. „რეგიონული კვირა“ მოგიყვებათ იმ ღირსშესანიშნაობების შესახებ, რაც რეგიონში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ რეგიონს გამორჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს, რაც ხელს უწყობდა საუკუნეების განმავლობაში მის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სამცხე-ჯავახეთი უდიდესი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მხარეა და ბევრი ქრისტიანული თუ წინარექრისტიანული ძეგლი შემოგვინახა. ის ასევე მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით.
1. პირველი ადგილი, რასაც სამცხეში სტუმრობისას უნდა ესტუმროთ, ახალციხის ციხეა. ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“. 2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
2. კიდევ ერთი ადგილი, რომელიც სამცხეში უნდა მოიახულოთ საფარის მონასტერია. მანძილი ახალციხესა და საფარას შორის 10-12 კმ-ია. გზაზე უღელტეხილია, უღელტეხილის გადასვლისთანავე ჩნდება ღრელე – ძველი ქართული სოფელი. ღრელიდან მონასტრამდე ვიწრო გზა ციცაბო კლდის კალთაზეა გაყვნილი, გარშემო მოწითალო ფერის კლდეებია. ნახველს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება მონასტერი. ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული და სამი მხრივ კლდეებით შემოფარგლული მონასტერი. უმცენარო გზის შემდეგ-ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმული, მრავალშენობიანი მონასტერი ოაზისივით ჩნდება. საფარა დაბურულ ხეობას გადაჰყურბს. ოდესღაც აქ მთის მდინარე ყოფილა, რომელიც ურაველის წყალს ერთვოდა. მთავარი ტაძარი ამ ხევის პირსაა, კლდოვან კონცხზე. აქედან აღ-თით ურაველის წყლის დაკლაკნილი ზოლი ჩანს, უფრო შორს კი დიდი ველი, სადაც მდ. ფოცხოვი მტკვარს ერთვის.
3. სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ, საქართველოში არსებული ერთადერთი ობსერვატორია, რომელიც აბასთუმანში მდებარეობს. ასტროფიზიკური ობსერვატორია — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მდებარეობს. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცდომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა
4. ვარძია კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომლითაც სამცხე-ჯავახეთი თავს იწონებს. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლია. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ვარძიის ციხე-ქალაქი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 – დან 13 – მდეა. მასში 600 – ზე მეტი სათავსოა. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები და 25 მარანი 185 ქვევრით.
5.ჯავახეთში სტუმრობისას თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ახალქალაქის ციხის ნაქალაქარი. კომპლექსი მოცავს: ციტადელს, კოშკებს, ქარვასლას, ეკლესიის ნაშთებს, სენაკებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგებობათა ნაშთებსა და მეჩეთს. არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ნაქალაქარის ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ წინარე ქრისტიანულ ხანაში ყოფილა და ადრეული ციკლოპური კედლების ნაშთები შაუასაუკუნეებში სამოსახლო უბნების გეგმარებაში გამოუყენებიათ.
6. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვულკანური მთები, ვრცელი ხედები და ლურჯი ტბები წლის ყველა სეზონზე უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დიდი პოპულარობით სარგებლობს ლევანისა და კარწახის ტბები და დიდი აბულის მწვერვალი. დიდი აბული აბულ-სამსარის ქედის უმაღლესი მწვერვალია და აქედან ჯავახეთის გაშლილი სივრცეებითა და აფერადებული მთების პანორამებით ტკბობას შეძლებთ
ახალქალაქში მრავალი საინტერესო კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. აქ ბევრ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნიმუშს ნახავთ უძველესი ნამოსახლარებით დაწყებული, შუასაუკუნეების ტაძრებით ჩათვლით. მეგალითები, ციხე-სიმაგრეები და უძველესი ტაძრები საქართველოს კულტურულ-ისტორიულ წარსულს გადაგიშლიან თვალწინ. აღსანიშნავია კუმურდოს ეკლესია, ბარალეთის ეკლესია, ღრტილას ეკლესია, აბულის ეკლესია, ბავრას ეკლესია, ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი, მურჯახეთის მენჰირი და სხვა. ახალქალაქში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური ექსპონატები, ეროვნული სამოსი, ძველი ხელნაწერები, სურათები, ნუმიზმატიკა, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.