საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ზუგდიდსა და წალენჯიხაში დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მიზნით, ახალი პროექტი იწყება
პროექტ „საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ პროცესებში“ განმახორციელებელი საინიციატივო ჯგუფის ერთერთი წევრის ანა ცანავას განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში.
“პროექტი 2020 წლის 5 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. პროექტი იწვევს მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს შემდეგი სოფლების სკოლებიდან: ახალაბასთუმანი, განმუხური, კოკი, ორსანტია, რიყე, რუხი, ტყაია, შამგონა, ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა და ხურჩა. პროექტში 1 სოფლის სკოლიდან 2 მონაწილე შეირჩევა.პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, სოფლებში ახალგაზრდული გუნდების ფორმირებას, წაახალისებს ახალგაზრდული ინიციატივების გამოვლენასა და განხორციელებას”, – ამბობენ პროექტის ავტორები.
ასევე, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გამოავლინონ თავიანთი სოფლის საჭიროებები, შეძლონ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, დაგეგმონ ადვოკატირების კამპანიები; მობილიზება გაუწიონ ადგილობრივ მოსახლეობას და მოამზადონ პეტიციები; ამასთანავე, პროექტი ახალგაზრდებს წაახალისებს გამართონ დებატები სხვადასხვა თემაზე; ორგანიზება გაუწიონ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი თუ სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებას.
პროექტი მიმდინარეობს „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ (#GEOYOUTH2020) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები