ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტო კონკურსი KIU Photo Contest იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტო კონკურსს „KIU PHOTO CONTEST“,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კონკურსი ტარდება ააიპ „კულტურა და კონტაქტების“ ორგანიზებით და მიზნად ისახავს საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით.

“წლევანდელი კონკურსის თემაა: „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“. მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში. ფოტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (საქართველოს მოქალაქეებს და ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს).

კონკურსის ჟიური ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალებისგან შედგება და მათ შორისაა: ტომას დვორჟაკი – ფოტოგრაფი, ფოტო სააგენტო MAGNUM PHOTOS პრეზიდენტი; მერიენ გოლონი – Washington Post-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი ფოტო რედაქტორი; ალესია გლავიანო – Vogue Italia-ს მთავარი ფოტო რედაქტორი; აზუ ნვაგბოგუ – African Artists’ Foundation (AAF)-სა და LagosPhoto Festival-ის დამფუძნებელი და დირექტორი; ნათელა გრიგალაშვილი – დამოუკიდებელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტი. კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 თებერვალი.

გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. კონკურსის კატეგორიები და ჯილდოები კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ფოტო პროექტების გამოგზავნა.

ფოტო სერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი. კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ თუ რომელ კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას. ფოტო კონკურსის კატეგორიებია: 1) პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს. 2) მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში, მხოლოდ მოყვარულებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს. 3) ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. ამ კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს. კონკურსის პრიზები პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის: I ადგილი – 10 000 ლარი II ადგილი – 7 000 ლარი III ადგილი – 4 000 ლარი პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის: I ადგილი – 7 000 II ადგილი – 5 000 ლარი III ადგილი – 3 000 ლარი პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის: I ადგილი – 3 000 ლარი II ადგილი – 2 000 ლარი III ადგილი – 1 000 ლარი”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები