არჩილ თალაკვაძე: იაფფასიანი პოპულიზმია, მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებთო, სინამდვილეში, არ აქვთ გამარჯვების იმედი, უკვე არიან პარლამენტში და ე.წ. ჩამკეტიც მოქმედებს
იაფფასიანი პოპულიზმია, როცა ამბობენ, რომ მეორე ტურში აღარ მიიღებენ მონაწილეობას. სინამდვილეში, ერთ შემთხვევაში, მათ არ აქვთ გამარჯვების იმედი, მეორე შემთხვევაში უკვე არიან პარლამენტში შესული და მესამე შემთხვევაში ე.წ. ჩამკეტი მოქმედებს, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
„ქვეყანაში ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტული ზომები მოქმედებს. რაც შეეხება მეორე ტურებს და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, პოლიტიკურ პარტიებს დღის განმავლობაში შეზღუდვები არ აქვთ. შესაბამისად, მათ საშუალება აქვთ, სრული ინფორმაცია მისცენ შესაძლო ამომრჩევლებს და მოქალაქეებს, რომ მეორე ტურში ჩაატარონ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია. არჩევნების დღეზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ? რატომ ამბობს ოპოზიცია იმას, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს? – ფაქტებს გეტყვით.
ოპოზიციის იმ ლიდერების უმრავლესობა, ვინც მეორე ტურში მონაწილეობს, უკვე პროპორციული სიებით მოხვედრილია პარლამენტში. რამდენიმე მათგანის მონაწილეობას მეორე ტურში აზრი არ აქვს, რადგან მათი შედეგებიდან გამომდინარე მოქმედებს „ჩამკეტი მექანიზმი“ როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე მათთვის. შესაბამისად, ისინი პარლამენტში მეტი დეპუტატით ვეღარ შევლენ. ამიტომ, მათ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს.
იაფფასიანი პოპულიზმია, როცა ამბობენ, რომ მეორე ტურში აღარ მიიღებენ მონაწილეობას. სინამდვილეში, ერთ შემთხვევაში, მათ არ აქვთ გამარჯვების იმედი, მეორე შემთხვევაში უკვე არიან პარლამენტში შესული და მესამე შემთხვევაში ე.წ. ჩამკეტი მოქმედებს, რომლითაც მეორე ტურში რამდენიმე მათგანის მონაწილეობას აზრი ეკარგება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.