„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას.
როგორც კობახიძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს.
„განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება არჩევნებს, მათ შორის ჩვენ მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სათანადო ვითარებაში ჩატარდეს. ასევე, ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება არჩევნების პირველ ტურს და ეს სტატისტიკა არანაირი ფორმით არ განსხვავდება იმ სტატისტიკისგან, რომელიც ჩვენ გვქონდა წინა არჩევნებზე, მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო/ოდირის მთავარ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ადამიანის ფუდამენტური უფლებები იყო დაცული. ხედავთ, რომ ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ჩვენი ყველა მთავარი პარტნიორი, ყოველდღიურად მოდის მოლოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთადერთი რომელიც დღემდე არა აღიარებს არჩევნების შედეგებს რამდენიმე კონკრეტული დამარცხებული პარტიაა, თუმცა ამ მიმართულებითაც ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში, მათ მხრიდანაც იქნება აღიარებული დემოკრატიული არჩევნები“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც ის აღნიშნავს, არსებობს მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა.
„მთავარი რესურსი ისაა, რომ რეალურად უტყუარი მტკცებულებები არსებობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით. იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები, არასწორად შედგენილი ოქმებით მანიპულაცია და ა.შ. რის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ყველასთან, მათ შორის, მზად ვართ იმისთვის, რომ ინფორმაცია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ მივაწოდოთ ნებისმიერ სუბიექტს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, არასამთავარობო ორგანიზაციებს. ასე რომ, ჩვენ ისინი შეგვიძლია დავარწმუნოთ იმაში, რაშიც უკვე დარწმუნებულები არიან ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორები. მონაცემები არსებობს. მარტივი მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, ესაა მათ შორის სტატისტიკური ინფორმაცია. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მონაცემები, რომელიც ცესკო-ს მიერაა დაფიქსირებული, ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა. სააკაშვილმა აიღო ნახევარი მილიონი ხმა. ეს არის უბედურება. ამ პოლიტიური პარტიის მიერ აღებული 27% არის უბედურება. ისევე როგორც უბედურებაა 3.8%, რომელიც აიღო „ევროპულმა საქართველომ“. მაგრამ ეს არის ამომრჩევლის განწყობა. ამომრჩევლის განწყობა რაც იყო, ეს დაფქსირდა ცესკოს მიერ“,- განაცხადა კობახიძემ.