როგორ ემზადება ანსამბლი „ლაგუშედა“ პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისთვის

ფოკლორული ანსამბლი „ლაგუშედა“ 1995 წელს ლენტეხში შეიქმნა და ადრეულ წლებში ცნობილი ლოტბარები ჯოკია მეშველიანი და გელა და ჯოკია გუგავები ხელმძღვანელობდნენ. ანსამბლი სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა, არც ჯილდოები და აღიარება აკლდათ, უფროსი თაობის წასვლის შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელობა ნიჭიერმა ახალგაზრდამ და პროფესიონალმა ფოლკლორისტმა ზურა ლიპარტელიანმა გადაიბარა.

ლაგუშედა სვანური სიტყვაა და ქართულად “შეგვეწიოს” ნიშნავს.

„ლაგუშედა“ წელს პირველად პროექტში “ნიჭიერი” იღებს მონაწილეობას. ანსამბლი შესარჩევი ტურიდან ერთ-ერთი ჟიურის წევრის მაკა კვიციანის „ოქროს ღილაკზე“ ხელის დაჭერით პირდაპირ ნახევარფინალში გადავიდა, სადაც საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ფინალის საგზურიც მოიპოვა.
„რეგიონული კვირის“ გადამღები ჯგუფი ფოლკლორული ჯგუფის კონკურსის ფინალისთვის მზადებით დაინტერესდა. რეპეტიციებს ლენტეხის ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მაყვალა გაზდელიანიც ესწრება. ცენტრის დირექტორი ყვება, რომ „ლაგუშედა“ სვანური ფოლკლორის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია.

„ჯგუფში ახლა მომღერლების სამი თაობა ცეკვავს და მღერის, ვეტერანებიც შემოგვრჩნენ და ახალგაზრდებს უკვე აღარ გაუჭირდათ მათი გვერდში დგომა და თანადგომა.ხელმძღვანელობა დიდმა პროფესიონალმა და საუკეთესო ახალგაზრდამ-ზურაბ ლიპარტელიანმა გადაიბარა და რომ იტყვიან ანსამბლი საიმედო ხელში გადავიდა. წელს „ლაგუშედას“ შექმნიდან 25 წელი უსრულდება. ძალიან გაგვახარეს – „ნიჭიერის“ ფინალისტობა ადვილი საქმე ნამდვილად არაა, ყოველდღე, ამ პანდემიის პირობებში გულმოდგინედ რეპეტიციობენ. მინდა მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ მოვუწოდო და წარმატებები ვუსურვო ფოლკლოლურ ანსამბლს“,-ამბობს მაყვალა გაზდელიანი.

ზურა ლიპარტელიანი ანსამბლს 5 წელია ხელმძღვანელობს, „ნიჭიერის“ ფინალისტობამ ანსამბლის 30 წევრთან ერთად დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა და ფინალისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

”უდიდესი სიხარული და სიამაყე დამეუფლა, როცა შესარჩევი ტურიდან „ოქროს ღილაკით’ ნახევაფინალისტები გავხდით, შემდეგ ნახევარფინალზე მთელმა საქართველომ გვაღიარა და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დარბაზში მაყურებელი არ იჯდა, ბიჭები თავიდანვე გავაფრთხილე – „ჩვენ მთელი საქართველო გვიყურებს და აბა თქვენ იცით-მეთქი“, უფრო მეტი ემიციით და პასუხისმგებლობით დავდექით სცენაზე, მადლობა მაკა კვიციანს, ჟიურის წევრს და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს“,- ამბობს „ლაგუშედას ხელმძღვანელი.

ფინალისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ანსამბლის წევრებიც და არ მალავენ, რომ მაყურებელს განსხვავებულ ნომერს და საინტერესო სინთეზს შესთავაზებსნ.

„ჩვენ, ჩვენეული ხელწერა გვაქვს, ფინალში გვექნება ნომერი, რომელიც აქამდე არც არსად შესრულებულა და არც არსად მოსმენილა, ეს არის სრულიად ახლებური ნამუშევარი და კიდევ ერთხელ ვთხოვ მაყურებელს, კარგად მოგვისმინონ და მხარი დაგვიჭირონ!“,- განაცხადა ზური ლიპარტელიანმა.

“ნიჭიერის” ფინალი 16 ნოემბერს, ამჯერადაც მატურებლის გარეშე უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები